Thumbnail
  • ბარსელონას რაფინიას სანაცვლოდ ფულის გადახდა ზამთარში სურდა
  • ლიდსი და ჩელსი ბრაზილიელის საკითხზე, თითქმის, შეთანხმებულები იყვნენ

ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა ბრაზილიელი გარემარბი რაფინიას ბარსელონაში ტრანსფერს ანალიტიკური სტატია მიუძღვნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კატალონიელებს ლიდსისთვის ფულის გადახდა მხოლოდ ფეხბურთელის რეგისტრაციის შემდეგ სურდათ.
 
ლიდსი და ჩელსი ბრაზილიელის სატრანსფერო თანხაზე უკვე მოლაპარაკებულები იყვნენ, როცა რაფინიამ და მისმა აგენტმა დეკუმ მოლაპარაკებები შეაჩერეს, რათა ბარსელონას შეთავაზებას დალოდებოდნენ. კატალონიელებმაც გადადგეს ნაბიჯი და მათ მიერ წარმოდგენილი თანხა, დაახლოებით, იგივე იყო, რამდენის გადახდასაც ჩელსი აპირებდა. 

ამას გარდა, კატალონიელებმა ჩრდილოინგლისელებს განსაკუთრებული თხოვნით მიმართეს. 'ბლაუგრანაში' იცოდნენ, რომ ახალწვეულის რეგისტრაციის პროცესში პრობლემები შეექმნებოდათ, თუმცა ლიდსს ტრანსფერზე თანხმობის თქმა ზაფხულში სთხოვეს. ხოლო შეთანხმების გაფორმების ოფიციალურ დროდ ზამთრის პერიოდი შესთავაზეს - სწორედ ზამთარში აპირებდა ბარსა ბრაზილიელის სანაცვლოდ თანხის გადახდას. 

თუმცა, ლიდსმა ეს ვარიანტი არ მიიღო და ბარსელონას თანხის უდიდესი ნაწილის გადახდა ზაფხულში მოსთხოვა. ასევე, ინგლისურმა კლუბმა შეთანხმებაში 10 მილიონი ევროს მოცულობის ჯარიმაც შეიტანა - იმ შემთხვევაში, თუ რაფინიას სანაცვლოდ გადასახდელ ფულს 'ფარშევანგებს' თავის დროზე არ ჩაურიცხავს. 

The Athletic ასევე ციტირებს ლა ლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ "ეჭვგარეშეა, ჩემი გუნდი ბარსელონასთან გაფორმებულ ნებისმიერ გარიგებაში ამგვარ თანხას ჩაწერს, რადგან კატალონიელების გადახდისუნარიანობაში ეჭვი მეპარება". 

რაფინია ბარსელონას ფეხბურთელი ივლისის შუაში გახდა. 'ლურჯ-წითლებს' ბრაზილიელის შეძენა 58+10 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები