Thumbnail
  • 'სანდრომ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ბაქსს კარგად მოერგოს'
  • Behindthebuckpass-მა მილუოკის: გაუფორმეთ მამუს სრულფასოვანი კონტრაქტი

ამერიკულმა Behindthebuckpass-მა ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა სანდრო მამუკელაშვილს და მას მილუოკი ბაქსში ნათელი მომავალი უწინასწარმეტყველა. აღნიშნული ვებ-გვერდის აზრით, მამუმ საზაფხულო ლიგაში დაამტკიცა, რომ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს და ბაქსმა მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაზე უნდა იფიქროს.

“2021-22 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბასის რიგებში ახალბედის რანგში ვიხილეთ და როგორც მოსალოდნელი იყო, სტაბილური სათამაშო დრო არ ჰქონია.

სეტონ ჰოლის ყოფილმა კალათბურთელმა მონაწილეობა 41 მატჩში მიიღო, რაც რეგულარული სეზონის ზუსტად ნახევარი იყო და მოედანზე საშუალოდ 9.9 წუთს ატარებდა, ისიც, ძირითადად მაშინ, როდესაც თამაშებში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

თუმცა, იმ მცირე დროშიც კი მისი დიდი პოტენციალი კარგად სჩანდა. იქნებოდა ეს სანახაობრივი დანქები, კარგი პასები და თუ დამაჯერებელი თამაში დაცვაში. ლიგის ახალბედას ლიმიტირებულ წუთებში ძალიან იმედისმომცემი სტატისტიკა ჰქონდა.


სწორედ აღნიშნული შედეგების გამო, ბაქსის ქომაგებს ძალიან სურდათ 2022 წლის ზაფხულის ლიგაში სანდრო უკვე მთელი დატვირთვით ეხილათ. 23 წლის ფორვარდს ისინი ნამდვილად არ გაუწბილებია და ლას ვეგასში მოედანზე საშუალოდ გატარებულ 27.9 წუთში 17.0 ქულა, 8.8 მოხსნა, 2.4 პასი, 1.4 ჩაჭრა და 1.0 დაფარება ჰქონდა.

ამ ვარსკვლავურმა გამოსვლამ მამუკელაშვილს სრულიად სამართლიანად მოუტანა ადგილი საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში და მართალია, ეს მხოლოდ 5 მატჩი იყო, მან ისიც დაამტკიცა, რომ პოტენციალი გაცილებით მაღალ დონისთვისაც გააჩნია.

იმის გათვალისწინებით, რომ მილუოკი წლიდან წლამდე აქცენტს ძირითადად გამოცდილ კალათბურთელებზე აკეთებდა, გუნდში ახალი სისხლის გამოჩენა მნიშვნელოვანი სიახლე უნდა იყოს. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ დონტე დივინჩენცო იყო, ახლა კი, გაახალგაზრდავების პროცესი გარდაუვალადაც კი მოსჩანს იმ ფონზე, რომ გუნდმა გასულ დრაფტზე 24-ე ნომრად 21 წლის მცველი მარჯონ ბუშამპი აიყვანა.

მის გარდა, ბაქსის პერსპექტივაში მომავლის კიდევ ერთ კალათბურთელად სწორედ მამუკელაშვილი უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც 23 წელი მაისში შეუსრულდა და ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია. მილუოკიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი განვითარებისთვის, რა შემთხვევაშიც იმ კალათბურთელს მიიღებს, რომელიც წინა ხაზში კლუბს მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება.

საზაფხულო ლიგაში სანდრო ბაქსის უდავო ლიდერი იყო

სანდრომ უკვე ფურცელზეც დაამტკიცა, რომ შეუძლია ბაქსს ცენტრის პოზიციაზეც კი იდეალურად მოერგოს. პირველ რიგში, მისი ფანტასტიკური სამქულიანი სროლა უნდა გამოვარჩიოთ. რეგულარულ სეზონში მან პერიმეტრიდან 52-დან 22 ბურთი ჩააგდო (42.3%), საზაფხულო ლიგაში კი – 21-დან – 10 (47.6). 2.08 მეტრი სიმაღლის კალათბურთელი შორი დისტანციიდან შეტევას არასდროს ერიდებოდა და ეს, შესაძლოა, გუნდს იდეალურად გამოადგეს იმ შემთხვევაში, თუკი სანდრო იანის ანტეტოკუნმპოსთან წყვილში იმოქმედებს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მილუოკიმ ცენტრის პოზიციაზე ბრუკ ლოპესსა და ბობი პორტისზე არჩევანი სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ისინი მხოლოდ ფარქვეშეთის კალათბურთელები არ არიან და მეტოქის დაცვის გაჭიმვა შეუძლიათ. ეს იანისს მეტ საშუალებას აძლევდა, რათა შეტევაში უფრო თავისუფლად ემოქმედა. მამუკელაშვილმა ნახსენებ შეზღუდულ დროშიც დაამტკიცა, რომ იგივე როლის თამაში მასაც თავისუფლად შეუძლია.

გარდა იმისა, რომ კარგი სამქულიანი აქვს, სანდრომ გვაჩვენა, რომ მაგრად მუშაობს მოხსნაზე და არც პასის გაცემა ეშლება. საზაფხულო ლიგაში საშუალოდ თითქმის 9 მოხსნა პატარა საქმეე არაა, თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანდრო ორივე ფარზე წარმატებით მუშაობდა. ბაქსის სხვა ცენტრებისგან განსხვავებით, მამუკელაშვილს ბურთთან ურთიერთობაც არ ეშლება, შეუძლია შეტევა თავად წამოიწყოს და საჭირო მომენტში პასიც გააკეთოს. მისი სიმაღლის კალათბურთელებიდან ბევრს ნამდვილად ვერ დაასახელებთ, ვისაც პასის კულტურა ასეთ დონეზე აქვს და თან, მომატების პოტენციალიც სჩანს.

უკვე ნაჩვენები თამაშის მიუხედავად, ცხადია, რომ სანდროს ჯერაც ბევრი რამ აქვს სასწავლი. პირველ რიგში ეს დაცვას ეხება და მას ნამდვილად გაუმართლა, რომ ახლა მისი თანაგუნდელები იანისი და ჯრუ ჰოლიდეი არიან. უდავოა, რომ სანდრო მათგან ბევრ რამეს ისწავლის.

მამუკელაშვილს NBA-ში სადებიუტო სეზონში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია

ნათელია, რომ მამუკელაშვილს მომავალი სეზონის განმავლობაშიც ძირითადად სათადარიგოს როლში ყოფნა მოუწევს, თუმცა, სამომავლოდ, მისთვის საკმაოდ კარგი კონტურები ისახება. საქმე ის გახლავთ, რომ 34 წლის ლოპესმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა ზურგზე, რომლის ტრავმამაც გასული სეზონის არაერთი მატჩი გამოატოვებინა. ამავდროულად, უკვე 32 წლისაა და საუკეთესო წლები ასევე წარსულში აქვს სერჟ იბაკას.

აი, ბობი პორტისი მხოლოდ 27 წლისაა და მილუოკისთვის სარგებლის მოტანა კიდევ დიდი ხანი შეუძლია, თუმცა, ხსენებული წყვილის შემდეგ, გუნდში მამუკელაშვილის ყოლა დიდი ფუფუნებაა, პერსპექტიული მაღლის, რომლის განვითარება და შემდგომში საზრიანად გამოყენება ბაქსისთვის ძალიან მიმზიდველ პროექტად მოსჩანს.

ამჟამად, სანდროს ბაქსთან ე.წ. ორმხრივ კონტრაქტი აქვს, თუმცა, იმ პერფორმანსის შემდეგ, რაც საზაფხულო ლიგაში ჰქონდა, ნამდვილად არ გაგვიკვირდება, თუკი კლუბი მას უკვე სრულფასოვან ხელშეკრულებას შესთავაზებს. ეს არა მხოლოდ ლოგიკური გადაწყვეტილება, არამედ კეთილი ჟესტი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მილუოკი ახალგაზრდა კალათბურთელში დიდ პოტენციალს ხედავს და მისი სამომავლოდ ეიმედება".

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს 2021 წლის დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს. ბაქსში გატარებულ პირველ სეზონში ის საშუალოდ 9.9 წუთში 3.8 ქულას, 2.0 მოხსნას და 0.5 პასს აკეთებდა. აი, G ლიგაში კი მას მილუოკელთა სარეზერვო გუნდში საშუალოდ 20.7 ქულა, 10.9 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.

მამუკელაშვილი NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ 29 ივლისს შეუერთდა საქართველოს ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვისა და ევრობასკეტი-2022-სთვის სლოვენიაში ემზადებოდა. სანდროს სწორედ დღეიდან ექნება ვარჯიშებში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება, 5 და 6 აგვისტის კი, უკვე პირველი საკონტროლო მატჩებია, კეჩკემეტში, უნგრეთთან.

კომენტარები

ბოლო ამბები