Thumbnail

თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ითამაშებს და საქართველოს მეტოქეთა შორის იქნება, ტურნირის წინ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგა.

საუბარია მაიამი ჰითის 24 წლის ცენტრ ომერ იურცევენზე (სიმაღლე 2.13 მ.), რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა და არც ევროპის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს.

ეს ინფორმაცია Milliyet-ის ჟურნალისტმა უმით ავჩიმ გაავრცელა. მისივე თქმით, იურცევენი უახლოეს პერიოდში გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, სადაც განმარტებული იქნება, რა მოხდა მასსა და თურქეთის კალათბურთის ფედერაციას შორის.

შეგახსენებთ, რომ თურქების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა გაფართოებული შემადგენლობა ჯერ კიდევ 23 ივლისს დაასახელა, სამიოდ დღეში კი რაზმი 19 მოთამაშემდე დაიყვანა და იურცევენი სიაში ისევ ფიგურირებდა, თუმცა, მას იტალიურ ბორმიოში შეკრებაზე სულ ამაოდ ელოდნენ.

ომერ იურცევენს თურქეთის ნაკრების შეკრებაზე ამაოდ ელოდნენ

ცნობისთვის, ომერმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში გატარებული რამდენიმე შედეგიანი წლის შემდეგ, მაიამის რიგებში პირველად გასულ სეზონში ითამაშა და რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 12.0 წუთში 5.3 ქულა და 5.3 მოხსნა ჰქონდა.

ცხადია, ის თურქეთის ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ჯერაც შერჩა NBA-ს 3 კალათბურთელი: ჩედი ოსმანი (კლივლენდი), ფურკან კორკმაზი (ფილადელფია) და ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი).

ეს უკანასკნელი იურცევენის მსგავსად ცენტრია (2.08) და ცხადია, რომ ომერის უარის შემდეგ მისი დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. 5 ნომრის პოზიციაზე თურქების კიდევ ერთი იმედი კი ესპანური ბარსელონას ლეგიონერი სერტაჩ სანლი (2.13) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის გარდა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-თურქული დაპირისპირება მე-3 ტურში, 4 სექტემბერს შედგება. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში თურქები 25 აგვისტოს ლატვიას ესტუმრებიან, 28-ში კი სერბეთს მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები