Thumbnail
  • 'საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თად მაკფადენია, რომელმაც ესპანეთს 16 ქულა ჩაუგდო'
  • ევრობასკეტის 11 ნატურალიზებული მოთამაშიდან არაამერიკელი მხოლოდ ერთია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ესპანურმა AS-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ნატურალიზებული კალათბურთელის რანგში ერთბაშად 11 მოთამაშეს ვიხილავთ. ამ მხრივ ყველაზე დატვირთული თბილისური ჯგუფი იქნება: იმ ექვსეულიდან, რომელმაც საქართველოში უნდა ითამაშოს, ნატურალიზებული კალათბურთელი ხუთ ნაკრებს ეყოლება.

“ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტის წინ ამერიკელი ლორენცო ბრაუნის დამატება გადაწყვიტა და ეს, საკალათბურთო სამყაროში ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე 11 ნატურალიზებულ კალათბურთელს ვიხილავთ და მათგან არაამერიკელი მხოლოდ ერთია: მაროკოელი მძიმე ფორვარდი მოჰამედ ხერაზი, რომელიც ნიდერლანდების ნაკრების ღირსებას დაიცავს.

ამ მხრივ ყველაზე დატვირთული A ჯგუფია, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს და ესპანეთიც სწორედ იქ ითამაშებს. ბულგარეთს დაეხმარება გალათასარაის გამთამაშებელი დი ბოსტი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაშია დაბადებული. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია თად მაკფადენი, რომელიც ლიგა ენდესაში უკვე 4 წელია თამაშობს და ბოლო სეზონი მურსიაში გაატარა. მაკფადენმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 4 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მოგებაში, როდესაც 16 ქულას 8 პასი წაამატა.

მცირე ხნის ინ მონტენეგროს მოქალაქეობა მიიღო ფლორიდელმა კენდრიკ პერიმ, რომელიც ახლახანს მალაგის უნიკახაში ჩაირიცხა, ყველაზე ვარსკვლავური ნატურალიზებული მოთამაშე კი, ალბათ, თურქეთს ჰყავს. საუბარია ანადოლუ ეფესის გამთამაშებელ შეინ ლარკინზე, რომლისთვისაც თურქული პასპორტის გადაცემის საკითხში ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც კი იყო ჩართული. მის გამო, თურქებმა კიდევ ერთ სახელოვან უკანახაზელ სკოტი ვილბეკინზე თქვეს უარი. A ჯგუფში ბელგია ერთადერთია, რომელსაც ნატურალიზებული კალათბურთელი არ ეყოლება”, - წერს AS.

ლორენცო ბრაუნი ესპანეთის ნაკრების წარდგენაზე

შეგახსენებთ, რომ 35 წლის თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში 2018 წლის ზაფხულში გამოჩნდა და მას მერე თუ მცირე პაუზებს არ ჩავთვლით, ილიას ზუროსის გუნდის უცვლელი წევრია. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე (6 მატჩი) თადი საქართველოს ნაკრებში საშუალოდ ყველაზე მეტს (37.5 წუთი) თამაშობდა და ასეთი მონაგარი ჰქონდა – 21.5 ქულა, 4.0 მოხსნა, 5.5 პასი.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. როგორც AS-ის სტატიაშია ნათქვამი, A ჯგუფში საქართველო, ბელგია, ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ბულგარეთი ითამაშებენ და პლეი ოფში საუკეთესო ოთხეული გავა. 

ნატურალიზებული კალათბურთელები ევრობასკეტზე

A ჯგუფი: ლორენცო ბრაუნი (ესპანეთი), დი ბოსტი (ბულგარეთი), თად მაკფადენი (საქართველო), კენდრიკ პერი (მონტენეგრო), შეინ ლარკინი (თურქეთი).
B ჯგუფი: მაიკ ტობი (სლოვენია), ჯონ რობერსონი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).
C ჯგუფი: ტაილერი დორსი (საბერძნეთი), ჯონ პეტრუჩელი (იტალია).
D ჯგუფი: ეი ჯეი სლოტერი (პოლონეთი), მოჰამედ ხერაზი (ნიდერლანდები).

კომენტარები

ბოლო ამბები