Thumbnail

ნაპოლის 21 წლის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც აქ გთავაზობთ. 

...ფეხბურთის სიყვარულზე: "საქართველოდან ვარ, ულამაზესი ქვეყნიდან. ბავშვობაში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი, რადგან ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. 8 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ფეხბურთელობაზე ვფიქრობდი. ფეხბურთი დაუყოვნებლივ გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემი აზერბაიჯანში ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა ფეხბურთის თამაში მის გამო არ დამიწყია - თავად მსურდა. არასდროს დამჭირვებია, რომ ვინმეს ჩემთვის ეთხოვა, ივარჯიშეო".

5 ამხანაგურ მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა

...საქართველოზე და ოჯახზე: "შვებულებას ყოველთვის ჩემს ოჯახთან ვატარებ, საქართველოში. ორი ძმა მყავს, ჩემზე უფროსი და უმცროსი. უმცროსი 12 წლის არის და ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. როცა საქართველოში ჩავდივარ, მათთან და ჩემს მეგობრებთან დიდ დროს ვატარებ - ზღვაზე, მთებში, უფრო მთებში - საქართველოში ბევრი კარგი ადგილია მთებში სანახავი.

...სპორტის სხვა სახეობებზე: ხანდახან ჩოგბურთს და კალათბურთს ვთამაშობ, მაგრამ ჩემი სიყვარული ფეხბურთია. ჩემთვის ფეხბურთი სამსახური არაა, ის ვნებაა. მეგობრებთან ერთად კალათბურთის თამაში ძალიან მიყვარს. გოლდენ სტეიტს ვგულშემატკივრობ, სტეფ კარის ფანი ვარ.

...საკუთარ კარიერაზე: "ფეხბურთის თამაში დინამო თბილისში დავიწყე, მის აკადემიაში და პირველ გუნდშიც გადავედი. შემდეგ რუსთავში გადავედი, რასაც რუსეთში ტრანსფერი მოჰყვა - ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში, შემდეგ ყაზანის რუბინში. წლეულს საქართველოში დავბრუნდი, დინამო ბათუმში, ახლა კი ნეაპოლში ვარ".

ჟირონასთან მატჩში საუკეთესო იყო

...ნეაპოლზე: "უკვე საქართველოში ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია. იტალიაში პირველად მოვხვდი და აღფრთოვანებული ვარ. ნეაპოლი საოცარია, ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ტაქსიდანაც კი ჩანდა, როგორ დადის ხალხი ქუჩებში ნაპოლის დროშებით, აქ ფეხბურთი ვნებაა. აქ იმიტომ ვარ, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები, მინდა კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. 

...როგორ შედგა ტრანსფერი ნაპოლიში: "ეროვნულ ნაკრებში ვიმყოფებოდი და ამხანაგურ მატჩებში ვმონაწილეობდი. აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იყო იტალიაში გადასვლის შესაძლებლობა. ჩემი აგენტი ნაპოლის ორი წლის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ნაპოლი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლუბია და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ".

...რა იცის ნეაპოლზე და ნაპოლიზე: "ვიცი, რომ აქ მაგარი პიცა აქვთ, თუმცა ჯერ არ გამისინჯავს. ვიცი, რომ აქ მარადონა თამაშობდა და ეს ფანტასტიკურია. ჩემთვის აქ თამაში დიდი პატივია. ეს მსოფლიო კლასის კლუბია საოცარი ფანებით. ჩემი სურვილია, მას დავეხმარო წარმატებების მიღწევაში".  

კვარაცხელიამ ნაპოლის რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. ნაპოლი მორიგ ამხანაგურს 6 აგვისტოს ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდს სერია A ეწყება, პირველი მეტოქე ვერონაა, ნაპოლი სტუმრად თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები