Thumbnail

9.5-წლიანი პატიმრობა და მილიონიანი ჯარიმა - გრაინერს მკაცრი სასჯელი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელის სასამართლო მიმდინარეობს
  • საქმის პროკურორს დასკვნითი სიტყვა ჰქონდა და ლამის მაქსიმალური ვადა მოითხოვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც სჩანს, რუსეთში დაკავებულ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს მკაცრი სასჯელი ემუქრება. მოსკოვში კანაფის ზეთის კონტრაბანდისთვის დაკავებული სპორტსმენის სასამართლო ხიმკიში სწორედ ახლა მიმდინარეობს, პროკურორმა კი სასჯელის ზომად 9.5-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

საქმის პროკურორს დასკვნითი სიტყვა დღეს ჰქონდა და მოსამართლისგან კალათბურთელის სწორედ აღნიშნული ვადით დაპატიმრება მოითხოვა. ბრიტნიმ სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოხადოს, ამას გარდა კი, სავარაუდოდ, 1 მილიონი რუბლის გადახდაც დაეკისრება.

ბრიტნი გრაინერი დღევანდელ სასამართლო პროცესზე

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბრიტნი გრაინერი მიმდინარე წლის 17 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და მას მერე ხიმკის ციხეში ჰყავთ. იგი აშშ-ში დაბრუნებას აპირებდა, როცა აეროპორტში ელექტროსიგარეტის ისეთი ვეიპ-კარტრიჯები აღმოუჩინეს, რომელიც კანაფის ზეთს შეიცავს. კანაფის ზეთი რუსეთში აკრძალულია, დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში კი ჩვეულებრივადაა დაშვებული.

გრაინერის წინააღმდეგ საქმე სწორედ ნარკოტიკების კონტრაბანდისა და შენახვის მუხლით აღიძრა, რაც რუსული კანონებით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. პროკურორმაც სწორედ აღნიშნული მუხლით იხელმძღვანელა და სასჯელის ლამის მაქსიმალური ვადა მოითხოვა.

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტნი გრაინერი რუსეთში აბსოლუტურად უსამართლოდაა დაკავებული და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ იარაღადაც იქცა.

გრაინერი ამერიკული ქალთა კალათბურთის ლეგენდაა. 2014 წელს იგი ფინიქს მერკურისთან ერთად ჩემპიონი გახდა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. WNBA-ს გარდა, გრაინერი 2015 წლიდან, აშშ-ში პაუზის დროს, ხშირად თამაშობდა ხოლმე რუსეთის საუკეთესო კლუბ ეკატერინბურგში.

კომენტარები

ბოლო ამბები