Thumbnail

'ეს ნორმალურია, საერთოდ არ ვღელავ' - ჰაალანდი კრიტიკის შესახებ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტიზე ისაუბრა და კრიტიკოსებს უპასუხა
  • ნორვეგიელი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ მას უფრო მეტი შეუძლია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ერლინგ ჰაალანდმა თქვა, რომ ინგლისურ კლუბში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და არც ის კრიტიკა აწუხებს, რომელიც ინგლისის სუპერთასზე ლივერპულთან მატჩის შემდეგ მიიღო.

"ადაპტაციას დრო სჭირდება, ვნახოთ - რამდენი. თუმცა, ნორმალურია, რომ ასეა, ისევე როგორც კრიტიკა. არ ვღელავ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება და მასთან ერთად უნდა იცხოვრო, ყოველ კვირას გაფასებენ იმის მიხედვით, რასაც მოედანზე აკეთებ. ყოველთვის ყველაფერი უნდა გასცე და კარგად ითამაშო. ამაზე ბევრი ფიქრი საჭირო არ არის, უბრალოდ მომენტით უნდა ისიამოვნო. ხალხი იმაზეც ისაუბრებს, რაც ერთი წლის წინ გააკეთე, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ყოველთვის მომდევნო თამაშია", - აღნიშნა ნორვეგიელმა.

ჰაალანდი წარუმატებელი დებიუტის გამო არ ნერვიულობს

ჰაალანდი დარწმუნებულია, რომ მას უფრო მეტი შეუძლია და ფეხბურთში სწორედ ეს იზიდავს, რომ გაუმჯობესება ყოველდღე შესაძლებელია: "ყველაფერში შემიძლია მომატება, ეს ყოველთვის შესაძლებელია და ასე უნდა მოვიქცე. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, ვთამაშობ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით საუკეთესო ინგლისურ კლუბში, ამიტომ, ბევრ რამეში უნდა გავაგრძელო განვითარება. ფეხბურთში სწორედ ეს მომწონს: შეგიძლია უფრო ძლიერი და სრულყოფილი გახდე. მე გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან, რადგან ეს ადამიანს აუმჯობესებს. არ ვიცი, თანაგუნდელებთან შეთამაშებას რამდენი ხანი დასჭირდება, თვეები თუ კვირები, მაგრამ ამაზე ყოველ ვარჯიშზე უნდა ვიმუშაოთ და ერთმანეთი გავიცნოთ. გოლებით მშიერი ვარ და ყოველ შეხვედრაში 100%-ით დავიხარჯები", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტის დორტმუნდიდან შეუერთდა და მისი ოფიციალური დებიუტი ლივერპულთან 1 კვირის წინ შედგა, როდესაც ძალიან ახლო მანძილიდან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, არადა, რომ გაეტანა, ანგარიშს ათანაბრებდა, საბოლოოდ კი მისი გუნდი დამარცხდა და ტიტული მერსისაიდელებმა მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები