Thumbnail

'ეს საუკეთესო არჩევანი იყო' - რენატო სანჩესი პსჟ-ში გადავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი რენატო სანჩესი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. პარიზული კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ნახევარმცველის შეძენა პსჟ-ს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდა და მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რენატო დიდი ხნის განმავლობაში მილანში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ პარიზულ კლუბში აღმოჩნდა.

რენატო სანჩესი მილანის ნაცვლად პსჟ-ში აღმოჩნდა

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ბოლო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ავირჩიე პარი სენ-ჟერმენი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემთვის სწორი პროექტი აქვს. საფრანგეთში დარჩენაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემპიონატს უკვე ვიცნობ", - თქვა რენატომ.

რენატო სანჩესი მიმდინარე ზაფხულს ნორდი მუკიელეს, უგო ეკიტიკესა და ვიტინიას შემდეგ პსჟ-ს მე-4 ახალწვეულია.

სანჩესი ბოლო 3 სეზონი ლილში თამაშობდა, რომლის მაისურით 91 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2021 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ევრო 2016-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მანამდე ბენფიკას, ბაიერნისა და სუონსი სიტის ღირსებას იცავდა, პორტუგალიის ნაკრებში კი 24 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები