Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძემ კონფერენსლიგაზე ისევ გაიტანა, მისი გუნდი თითქმის პლეი ოფშია
  • ბრატისლავს სლოვანს ოლიმპიაკოსის დასამარცხებლად ძალიან ცოტა დააკლდა

ევროპალიგისა და კონფერენსლიგის გათამაშებას ქართული კლუბები გამოეთიშნენ, ქართველი ლეგიონერების კლუბები კი ასპარეზობას აგრძელებენ და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვიან. წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ერთი ქართული გოლი გავიდა, რომელიც ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა.

ევროპალიგა

ბრატისლავის სლოვანი საბერძნეთში პირეოსის ოლიმპიაკოსს ესტუმრა და ანდრე გრინის გოლით 63-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა, 87-ე წუთზე იუსუფ ელ არაბიმ ბერძნული გრანდი მარცხისგან იხსნა. შედეგად, ფრე 1:1 და საპასუხო მატჩი ბრატისლავაში გაიმართება. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დატოვა.

გაგი მარგველაშვილის შკუპი ირლანდიაში შემროკ როვერსთან 1:3 დამარცხდა, ქართველმა მცველმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა. ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი საპასუხო შეხვედრაში რთული მისიის წინაშე იქნება.

კონფერენსლიგა

ბუდუ ზივზივაძემ უეფას რანგით მე-3 ტურნირზე მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. ქართველმა წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე გაბალას ორივე თამაშში გაუტანა, ამჯერად კი მოლდოვური პეტროკუბიც დაამწუხრა. ქართველმა მე-2 ტაიმი ითამაშა და 88-ე წუთზე მან მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. უნგრულმა ფეჰერვარმა მეტოქე 5:0 გაანადგურა და პლეი ოფში თამაშის უფლება პრაქტიკულად გაინაღდა.


პოლონეთის ჩემპიონი პოზნანის ლეხი, რომელმაც წინა ეტაპზე დინამო ბათუმი დაამარცხა, ისლანდიაში რეიკიავიკთან 0:1 დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთვნენ.

ნიქოზიის აპოელ-მა ყაზახურ კიზილჟარს მინიმალური ანგარიშით აჯობა - 1:0. უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსული გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, უფრო სოლიდური ანგარიშით მოიგებდა. ბუბა დაუშვილი მოედანზე 74 წუთი იყო, გიორგი ქვილითაიას კი ტრავმა აქვს და განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც ნიქოზიელთა ახალწვეული ლაშა დვალიც. ყაზახური გუნდის რიგებში ელგუჯა ლობჯანიძე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, ხოლო გიორგი ივანიაძე სათადარიგო სკამზე იჯდა.

პოლონურმა რაკუვმა სლოვაკეთში ტრანავას 2:0 მოუგო, თუმცა ვაკო გვილიას გარეშე, რომელიც განაცხადში არ იყო. ბაქოს ნეფთჩიმ საკუთარ მოედანზე ვენის რაპიდი 2:1 დაამარცხა. საბა კვერკველიამ ბაქოელთა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. აზერბაიჯანელებს გოლი 95-ე წუთზე რომ არ გაეშვათ, ავსტრიაში გაცილებით კომფორტული უპირატესობით ჩავიდოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები