Thumbnail

მძიმე ტრავმა ვარჯიშზე - ლუკა წულუკიძეს ოპერაცია იტალიაში ჩაუტარდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ეკატერნბურგის ურალის ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
  • საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა წულუკიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთში დაბრუნდება გადაწყვიტა და ეკატერინბურგის ურალს შეუერთდა, მძიმე ტრავმა მიიღო. 18 წლის ნახევარმცველმა ვარჯიშზე მუხლის მყესები გაიწყვიტა და საოპერაციო გახდა. 

"ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ლუკა წულუკიძემ კრასნოდართან მატჩის წინ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმებმა მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. კლუბმა მოთამაშე სამკურნალოდ იტალიაში, რომის კლინიკა Villa Stuart-ში გაამგზავრა, რომელიც ამ ტიპის სპორტული ტრავმის მკურნალობაში ევროპაში მოწინავეა. 

ლუკამ ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა და ამჟამად ფიზიოთერაპიას გადის. ის ორ კვირას გაგრძელდება. 16 აგვისტოს ფეხბურთელის ეკატერინბურგში დაბრუნება იგეგმება, სადაც ის აღდგენას გააგრძელებს", - ნათქვამია ურალის საიტზე

ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ეკატერინბურგის ურალში ამ წლის თებერვალში, საბურთალოდან გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ კლუბის მაისურით აქამდე ვერცერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. ჯერ კიდევ წინა სეზონში, უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ, წულუკიძემ, თანაგუნდელ ლუკა გაგნიძესთან ერთად, რომელიც ურალში იჯარით ირიცხებოდა (მოსკოვის დინამოდან), ფიფას წესით ისარგებლა და რუსეთი დატოვა, თუმცა სხვაგან გადასვლა ვერსად შეძლო და ამ ზაფხულს ისევ რუსეთში დაბრუნდა. 

ლუკა წულუკიძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები