Thumbnail
  • ლუკა ლოჩოშვილის ჰელას ვერონაში ტრანსფერი შესაძლოა მალე დაიხუროს
  • ვოლფსბერგერის პრეზიდენტი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრების მცველის ლუკა ლოჩოშვილის იტალიურ ვერონაში ტრანსფერი რეალური ხდება. ყოველ შემთხვევაში, ინტერესი დაადასტურა ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა.

როგორც ცნობილია, იტალიელებმა ავსტრიელებს 1.6 მილიონი ევრო შესთავაზეს და კლუბის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ამ თანხაზე უარს ვერ იტყვის:

"ტრანსფერის საფასურზე, რომელსაც გვთავაზობენ, უბრალოდ უარს ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას განვითარება და შემდეგ მისი სარფიანად გაყიდვა. თუმცა, გვინდა, რომ გზირასთან სამშაბათს ითამაშოს და იმედი მაქვს, რომ დაგვთანხმდება ", - თქვა რიგლერმა Krone-სთან საუბარში.

ავსტრიული მედია წერს, რომ ვოლფსბერგერი ლოჩოშვილის შენარჩუნებას მომდევნო კვირის ბოლომდე იმედოვნებს, რადგან კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ გზირასთან მნიშვნელოვანი თამაში ელოდება.

ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, ასევე ირიცხებოდა სლოვაკურ ჟილინაში, ხოლო ვოლფსბერგერში 2020 წლიდან 71 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში 24 წლის მცველის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 2 თამაშია.

ვერონამ სერია A-ს გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, ახალ სეზონს კი 15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან მატჩით გახსნის.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ბოლო პერიოდში ვერონას გარდა, კრემონეზეს, ტორინოს, უდინეზესა და გენუის სამპდორიასაც დაუკავშირეს, მაგრამ ვოლფსბერგერს კონკრეტული წინადადებით, როგორც ჩანს, მხოლოდ ვერონელებმა მიმართეს.

კომენტარები

ბოლო ამბები