Thumbnail

ისევ ორმაგი დუბლი - გიორგი ბეჟანიშვილმა გუელფი 1/4-ფინალში გაიყვანა

გიორგი ბეჟანიშვილმა კანადურ გუელფ ნაითჰოუკსში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გამარჯვება მოიაპოვებინა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგის (CEBL) პლეი ოფის 1/8-ფინალურ მატჩში თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა, ნაითჰოუკსი კი შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

ბანდიტსმა ბეჟანიშვილის გუნდს რეალური წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია. ნაითჰოუკსი დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მატჩის სადავეები თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვა. 

გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი 26:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 10 მოხსნა (1 შეტევაში, 9 დაცვაში) და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და ზუსტად. მისი 5 ორქულიანიდან 4-მა მიზანს მიაღწია, 4-საჯარიმოდან კი - 3-მა. მის ანგარიშზე ასევე 4 ფოლი და 1 დაკარგვა იყო, პლუს-მინუს შეფასებით კი ბეჟანიშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო - 13. 

აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილმა "ღამის ქორების" მაისურით ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება.

გუელფ ნაითჰოუკსი კანადის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ ნიაგარა რივერს დაუპირისპირდება. მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები