Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 5 და 6 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრებს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი, რომელმაც სლოვენიური შეკრება ახლახან დაასრულა, უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში გადაინაცვლა და მომზადებას იქ აგრძელებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნგრეთთან თამაშების წინ განვლილ ეტაპსა და გუნდში არსებულ მდგომაროებაზე ისაუბრა. ზუროსმა სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის შესახებაც ილაპარაკა, რომლებიც ნაკრებს ჯერჯერობით ვერ ეხმარებიან.

"დავასრულეთ მომზადება სლოვენიაში და ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებდა. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც გამოსწორებადია. ამ ეტაპზე გუნდის შეფასება ძნელია. დავიწყებთ ამხანაგური მატჩების ჩატარებას, დავინახავთ ხარვეზებს - რა გვაქვს შეტევასა და დაცვაში გამოსასწორებელი. ასე გავაგრძელებთ ევრობასკეტისთვის მზადებას. 

ძალიან კმაყოფილი ვარ მოთამაშეთა მონდომებით, ასევე იმ პირობებით, რომელშიც ვიყავით ამ შეკრების განმავლობაში. ყველაფერი კარგი იყო, ასე უნდა გავაგრძელოთ და იმედი მაქვს,  მოთამაშეებიც შემოგვემატებიან. ვგულისხმობ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც NBA-ს შეზღუდვების გამო, ჩვენთან სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა. არც გოგა ბითაძეა ჩვენთან ტრავმის გამო. მას მუხლი აწუხებს და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. 

ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა. წინ ამხანაგური თამაშებია, რომლებშიც შედეგებზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი გუნდის განვითარება და როგორც დაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალის ამაღლებაა", - აქვეყნებს ბერძენი სპეციალისტის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება - 24 და 27 აგვისტოს, შესაბამისად, ნიდერლანდებსა და იტალიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრები ელის, 1-ლი სექტემბრიდან კი სტარტს ევროპის პირველობაც აიღებს, რომლის პირველი ეტაპის A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები