Thumbnail
  • დვალიშვილი ალდოს დამარცხებაში დარწმუნებულია
  • 'მანქანა' UFC-ის ორი წონის ჩემპიონობასაც არ გამორიცხავს

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა MMA ჟურნალისტ ელენ იის ინტერვიუ მისცა და ძირითადად, ჟოზე ალდოსთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა. 

ქართველი 'მანქანა' გამარჯვებაში დარწმუნებულია და არც წონის შეცვლას გამორიცხავს. 

...ალდოსთან ბრძოლაზე: "ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება, ბუნებრივია, ძირითადად დგომში. ამ დაპირისპირება ვიხილავთ, თუ რამდენად მაგარია შონი. ვიცით, რომ კარგი ბიჭია, მეტოქეებს აფინიშებს, მაგრამ ერთადერთი რთული მატჩი ჰქონდა ჩიტო ვერასთან და ისიც წააგო. იანი, მოგვეხსენება, მაგარი მებრძოლია, თუმცა მინდა ო’მალიმ მოიგოს. ვნახოთ რა იქნება. ისე კი მგონია, რომ პიოტრი გაიმარჯვებს. 

...მოსამზადებელ ეტაპზე: "ვეგასში ვარ, თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, ტრავმა არ მიმიღია და ძალიან კარგი კემპი მაქვს. ის ფაქტიც ძალიან მომწონს, რომ ჟოზე ალდოს ვეჩხუბები. ფანები კი ჩემს მომავალ გამარჯვებას უნდა დაელოდონ. მაგარი ჩხუბი იქნება, ალდო ძლიერი მებრძოლია, ერთ-ერთი საუკეთესო, მას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა ჩემი სტილიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დავამარცხებ. ამ დაპირისპირების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი შოკირებული იქნება." 

...მომავალზე: "მე მხოლოდ ამ ჩხუბის მოგებაზე ვფიქრობ. ყველამ იცის, რომ მე და ალჯო ერთმანეთის წინააღმდეგ ოქტაგონზე არასდროს ავალთ, ამიტომ დაველოდოთ რა მოხდება. ის საუკეთესოა, ყველა ვარჯიშზე მცემს. სხვა სპორტსმენებთან სპარინგის დროს საფრთხეს არასდროს ვგრძნობ, მაგრამ სტერლინგი განსაკუთრებულია. ახლა ჟოზესთან ბროლისთვის მომზადებაში მეხმარება. ალჯამეინს სულ ვაკვირდებოდი, ყოველთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და მასთან ერთად დარბაზში ყოფნით მეც ვიზრდები - ჩემი ჭიდაობა და გრეპლინგი უკეთესი ხდება. როცა ამ დონეზე ხარ, კარგი სპარინგ პარტნიორი გჭირდება, მე კი გამიმართლა და საუკეთესო მყავს."

ალჯამეინ სტერლინგი, მერაბ დვალიშვილი, რეი ლონგო და მეთ სერა

...სტერლინგი V დილაშოუ: "დარწმუნებული ვარ, ალჯო თი ჯეის დააფინიშებს. მიუხედავად იმისა, რომ დილაშოუ კარგი მებრძოლია, ალჯამეინი მასზე უფრო მაღლა დგას. სტერლინგს თი ჯეიზე უფრო გრძელი ხელები აქვს, გაცილებით უკეთესი ჭიდაობა და გრეპლინგი, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ალჯო დილაშოუს დაამარცხებს და ქამარს დაიცავს." 

...სატიტულო ჩხუბზე: "თუ ალდო დამამარცხებს, ტიტულზე მან უნდა იჩხუბოს. მაგრამ მე ამას არ დავუშვებ, მოვიგებ და შემდეგ გადავწყვეტ რა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ წონაში დავიკლო და ყველაზე მსუბუქ დივიზიონში ჩავიდე. ამ ეტაპზე, ქამარზე ბრძოლა არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს დივიზიონში სხვა სპორტსმენებთან ვიჩხუბო, ისეთებთან, როგორიც შონ ო’მალი გახლავთ."

...ახალ წონაზე: "დაახლოებით, 70 კილოგრამს ვიწონი და ბრძოლისთვის 10 კილოს ვიკლებ. ამ პროცესში არც ნუტრიციონისტს მივმართავ, არც სხვა ადაპტირებულ ხერხებს, წონაში ისე ვიკლებ, როგორც ამას 10 წლის წინ ვაკეთებდი. ვიცი მებრძოლები, რომლებიც 15 კილოგრამსაც იკლებენ, ამიტომ, თუ სხვა ახერხებს, მეც შემიძლია ამდენის დაკლება ყველაზე მსუბუქ დივიზიონში გამოსვლა. მაგრამ, ახლა ამ საკითხზე არ ვფიქრობ, მომავალი ჩხუბი უნდა მოვიგო. ამის შემდეგ კი ბრძოლა უკვე ალჯოს აქვს და როგორც ის მეხმარება, მეც ეგრე უნდა დავეხმარო."

...ჰენრი სეხუდოზე: "მისი დაბრუნება ამ სპორტისთვის ძალიან კარგი იქნება. თუმცა, არ ვიცით რომელ წონაში სურს დაბრუნება, ახლა გაბარიტებში დიდი ჩანს. დაბრუნდეს, სიამოვნებით, ალჯო უკვე ელოდება. ჰენრი ოლიმპიური ჩემპიონია, UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი, უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა სხვისი დროა, ჩვენი წონითი კატეგორიის მეფე ალჯამეინ სტერლინგია. მას შეუძლია 1 წონით ზევით ავიდეთ და 65 კილოში გახდეს ჩემპიონი, მე შემიძლია ქვედა დივიზიონის ქამარი მოვიპოვო. ასე რომ, არაა გამორიცხული, ორივე ჩვენგანმა ტიტული UFC-ის ორ წონაში მოვიპოვოთ."

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მე-6 ნომერი მერაბ დვალიშვილი დივიზიონის მესამე პოზიციაზე მყოფ ჟოზე ალდოს 21 აგვისტოს დაუპირისპირდება. მერაბს ზედიზედ 7 მოგებისგან შემდგარი სერია აქვს, რაც დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის სერიასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები