Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვისა და ევრობასკეტი 2022-სთვის ემზადება, პირველი საკონტროლო თამაში ჩაატარა. ილიას ზუროსის შეგირდები სლოვენიაში გამართული შეკრების შემდეგ, კეჩკემეტში უნგრეთს ესტუმრნენ და 88:89 წააგეს.

ეროვნულ გუნდში ჯერაც არ იმყოფებიან NBA-ში მოთამაშე ქართველი კალათბურთელები სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი ბაქსი) და გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი), ამდენად, დღევანდელი მატჩის განაცხადში შემდეგი 12 კალათბურთელი მოხვდა:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

რატი ანდრონიკაშვილი უნგრელთა ლიდერის ადამ ჰანგას წინააღმდეგ

ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ მომჯობინებული ცინცაძე, მის გარდა კი, პირველივე წუთებიდან მოედანზე შენგელია, შერმადინი, სანაძე და მაკფადენი ვიხილეთ.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ საქართველოს ნაკრები შეტევაში ცუდი არ ყოფილა, აი, დაცვაში კი, აშკარად ბევრი სამუშაოა. უნგრელთა წარმატების მთავარი საფუძველი შორეული სროლები გამოდგა, თორემ, ფარქვეშ შენგელიასა და შერმადინს არაფერი დაუთმიათ. საბოლოო ჯამში, მეტოქემ 13 სამქულიანი გამოიყენა.

ზუროსის ნაკრები თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა და რამდენჯერაც მასპინძლებს მიუახლოვდა, მათ მშველელად სამქულიანი ევლინებოდათ. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ერთადერთხელ მოახერხა (82:82), ლიდერი კი არცერთხელ არ ყოფილა, ამდენად, უნგრეთის მოგება მაინც ლოგიკური იყო.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანები შენგელია (19), შერმადინი (18) და სანაძე (16) იყო, რომელმაც ბოლო პერიოდის მატჩებთან შედარებით, აშკარად უკეთ ითამაშა. ასევე აქტიური იყო კახა ჯინჭარაძე (10 ქულა), აი, უკანა ხაზი კი პასიურად გამოიყურებოდა. ესპანეთთან მატჩის ერთ-ერთი გმირი ანდრონიკაშვილი უქულოდ დარჩა, მაკფადენი კი მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა და ეს, ის ნამდვილად არაა, რასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელისგან ველით.

ბექა ბურჯანაძემ 9 ქულა ჩააგდო

საქართველოს ნაკრები კეჩკემეტში რჩება და 6 აგვისტოს უნგრეთს კიდევ ერთხელ ეთამაშება, თუმცა, ეს მატჩი დახურული იქნება და ტელეტრანსლაციაც არაა დაგეგმილი.

უნგრული ვოიაჟის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 8-15 აგვისტოს მე-2 შეკრება ექნება, რომლის დროსაც ისრაელის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თამაშები 12 და 13 აგვისტოსაა დაგეგმილი. 17-19 აგვისტოს ქართველ კალათბურთელებს ათენში “აკროპოლისის თასი” ელით, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი ეყოლებათ.

20-23 აგვისტოს ილიას ზუროსი თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, შემდეგ კი, უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებია: 24 აგვისტოს, შინ, ნიდერლანდებთან და 27-ში, სტუმრად, იტალიასთან. 28-31 აგვისტოს თბილისში დასკვნითი შეკრება იგეგმება, რასაც ევრობასკეტი 2022 მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველო, ბელგია, ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ბულგარეთი ითამაშებენ, პლეი ოფში კი, ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები გავა. შეგახსენებთ, რომ მოახლებული ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) უმასპინძლებენ, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

უნგრეთი 89:88 (31:24, 16:18, 21:19, 21:27) საქართველო

საქართველო: მაკფადენი (4), ცინცაძე (5), სანაძე (16), შენგელია (19), შერმადინი (18); ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე (10), ბურჯანაძე (9), ბოქოლიშვილი (3), ბექაური, ლონდარიძე (4).

კომენტარები

ბოლო ამბები