Thumbnail

'ბევრი შეცდომა დავუშვით' - რა თქვეს ზუროსმა და შენგელიამ უნგრეთთან წაგების მერე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და კაპიტანი თორნიკე შენგელია უნგრეთში გამართულ მოსამზადებელ შეხვედრას გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა კეჩკემეტში 88:89 წააგეს და დაცვაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. აქვეა უნგრული მხარის კომენტარებიც.

სტოიან ივკოვიჩი (უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი): “შეტევაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, დაცვაში კი შეცდომები იყო. თამაშმა გვაჩვენა, საქართველოს ფიზიკურად რაოდენ ძლიერი ნაკრები ჰყავს, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე უფრო მაგარი მეტოქეები გვეყოლება, ამდენად, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”.

დავიდ ვოივოდა (უნგრეთის ნაკრების კაპიტანი): “იმის გათვალისწინებით, რომ სრულფასოვნად მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ვემზადებოდით, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ცხადია, იყო პრობლემები დაცვაში და გამოჩნდა, რომ იმ დონეზე ჯერ არ ვართ, რისი სურვილიც გვაქვს. ადამ ჰანგასაც მეტი დრო სჭირდება, რათა სანაკრებო ატმოსფერო ისევ სრულად შეიგრძნოს. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დიდი სამუშაო იქნება გასაწევი, რათა, ევრობასკეტისთვის მაგრად მოვემზადოთ”.

თორნიკე შენგელია და ადამ ჰანგა

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “მატჩი ორივე გუნდისთვის სარგებლიანი იყო. მძიმე თამაში გამოდგა და ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო. გამოჩნდა, რომ პირველ რიგში დაცვაზე უნდა ვიმუშაოთ. ამავდროულად, მოსამზადებელ მატჩებში ჩვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ თამაშის ხარისხია”.

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ეს ჩვენი მოსამზადებელი ციკლის პირველი მატჩი იყო, რომელშიც ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით, დაცვაში. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს. სასიამოვნო იყო ადამ ჰანგასთან შეხვედრა და მის წინააღმდეგ თამაში. ის არა მხოლოდ კარგი კალათბურთელი, არამედ, დიდებული ადამიანია”.

საქართველოს ნაკრები კეჩკემეტში რჩება და 6 აგვისტოს უნგრეთს კიდევ ერთხელ ეთამაშება, თუმცა, ეს მატჩი დახურული იქნება და ტელეტრანსლაციაც არაა დაგეგმილი.

უნგრული ვოიაჟის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 8-15 აგვისტოს მე-2 შეკრება ექნება, რომლის დროსაც ისრაელის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თამაშები 12 და 13 აგვისტოსაა დაგეგმილი. 17-19 აგვისტოს ქართველ კალათბურთელებს ათენში “აკროპოლისის თასი” ელით, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი ეყოლებათ.

20-23 აგვისტოს ილიას ზუროსი თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, შემდეგ კი, უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებია: 24 აგვისტოს, შინ, ნიდერლანდებთან და 27-ში, სტუმრად, იტალიასთან. 28-31 აგვისტოს თბილისში დასკვნითი შეკრება იგეგმება, რასაც ევრობასკეტი 2022 მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველო, ბელგია, ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ბულგარეთი ითამაშებენ, პლეი ოფში კი, ჯგუფის 4 საუკეთესო ნაკრები გავა. შეგახსენებთ, რომ მოახლებული ევროპირველობა 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) უმასპინძლებენ, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები