Thumbnail

'ყოველთვის ჩემს გულში იქნებით' - ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმს დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეთხოვა
  • 20 წლის ფეხბურთელი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში ითამაშებს

ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, მაგრამ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

აზაროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც დინამო ბათუმსა და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა:

"უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო დინამო ბათუმს. ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ, გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირატებს - თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას".

ირაკლი აზაროვი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, დინამო ბათუმის ღირსებას კი 2021 წლიდან იცავდა და შარშან გია გეგუჩაძის გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე სეზონში მან ბათუმელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირის 21 მატჩში ითამაშა და 4 საგოლე პასით გამოირჩა, მთლიანობაში კი 65 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

აზაროვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის ზაფხულიდან იწვევენ. ფეხბურთელს ვილი სანიოლის გუნდში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები