Thumbnail

პუტინის სახელის სკანდირებისთვის - უეფამ ფენერბაჰჩე დასაჯა

უეფამ თურქული საფეხბურთო კლუბი ფენერბაჰჩე 50 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამასთან, კლუბს ევროთასებზე მომავალ საშინაო მატჩში გულშემატკივრების რაოდენობა შეუზღუდა, რისი მიზეზიც კიევის დინამოსთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაში მისი ფანების ქმედებებია. 

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სტამბოლის კლუბი ტრიბუნებიდან საგნების სროლისა და მისი ფანებისგან მომდინარე შეურაცხმყოფელი ხასიათის პროვოკაციული შეძახილებისთვის დასაჯა. კლუბს სტადიონის ნაწილობრივ დახურვის სასჯელი ორწლიანი გამოსაცდელი ვადით დაეკისრა. 

უკრაინელი ფეხბურთელები სტამბოლის არენაზე ეროვნული დროშებით გავიდნენ

27 ივლისს, სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხი მატჩი გაიმართა, რომელშიც ფენერბაჰჩემ კიევის დინამო მიიღო. დინამომ დამატებით დროში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქედ ავსტრიის შტურმი ჰყავს.

ადგილობრივმა ფანებმა 57-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, უკრაინული გუნდის გასაღიზიანებლად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს. 

ფენერბაჰჩე თავისი ფანების საქციელის გამო დაისაჯა

ფენერბაჰჩეს გულშემატკივრების საქციელი არამხოლოდ უკრაინასა და თურქეთში დაგმეს. მოგვინაებით სტამბოლის კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც მისი ფანების საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ იზიარებს პოზიციას სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნის თაობაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები