Thumbnail
  • უნგრეთი 78:75 საქართველო
  • ამის შემდეგ გუნდებმა 10-წუთიანი მატჩი ითამაშეს, რომელიც საქართველომ მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კეჩკემეტში უნგრეთის ნაკრებთან ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ვინაიდან, პირველისგან განსვავებით (89:88 უნგრეთის სასარგებლოდ) ეს თამაში დახურული იყო ჟურნალისტებისთვის, მასზე ცნობა მხოლოდ უნგრული წყაროდან გვაქვს, რომლის მიხედვითაც თამაში უნგრეთმა მოიგო 78:75, თუმცა ამით არ დასრულებულა, გუნდებმა კიდევ 10-წუთიანი მატჩი ითამაშეს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 4 ქულის სხვაობით მოიგო.

nemzetisport.hu-ს მიხედვით, უნგრეთისა და საქართველოს მატჩი იმ დროსაც არ დაიწყო, რაც ოფიციალურად იყო მითითებული (18:00), თამაში ნაშუადღევს გაიმართა. მატჩზე არც ჟურნალისტები დაუშვეს და არც - მაყურებელი. 

უნგრული წყარო წერს, რომ ქართველებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე წინა დღეს, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც შეძლეს 3 ქულის სხვაობით გამარჯვება. ამის შემდეგ სტოიან ივკოვიჩმა და ილიას ზუროსმა მოილაპარაკეს და გუნდებმა ექსტრა მატჩი ითამაშეს, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა. უნგრელები ანგარიშს არ წერენ, აღნიშნავენ, რომ საქართველომ ეს მატჩი 4-ქულიანი სხვაობით მოიგო. მთავარ მატჩში კი მოვლენები ასე წარიმართა - პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მოიგო 24:20. მეორე მეოთხედში უნგრელებმა შეამცირეს სხვაობ და შესვენებაზე გუნდები 32:31-ზე გავიდნენ კვლავ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მეორე ტაიმში უნგრელებმა 4 ქულით იმარჯვეს და მატჩიც მათ მოიგეს - 78:75.

დღეს უნგრეთის რიგებში არ უთამაშიათ ადამ ჰანგას და გუნდის კაპიტან აკოშ კელერს, არ ყოფილა არც დიორდი კოლომანი, ადამ სომოგი და ნორბერტ ლუკაჩი. "ჰანგა და კელერი ცალკე პროგრამით ვარჯიშობდნენ. მე დღეს კმაყოფილი ვარ იმ ბიჭებით, ვინც ითამაშა. ეს იყო უფრო ფიზიკური დაპირისპირება, ვიდრე წინა დღეს, რაც ჩვენი მზადების გრაფიკისთვის შესანიშნავია", - განუცხადა უნგრელთა თავკაცმა Nemzeti Sport-ს. 

საქართველოს ნაკრები თბილისში ბრუნდება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ციკლისა და ევრობასკეტისთვის მზადებას გააგრძელებს. გუნდს შეუერთდება მილუოკი ბაქსის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. უახლოეს მატჩებში საქართველო ისრაელს უმასპინძლებს (ორიდან ერთი შეხვედრა დახურული იქნება). 

კომენტარები

ბოლო ამბები