Thumbnail
  • ვოლფსბერგერის ქართველი მცველი კრემონეზეში ითამაშებს
  • ავსტრიული კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი ტრანსფერი

ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა დიტმარ რაიგლერმა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი სერია A-ში დაადასტურა. ოღონდ, 24 წლის ქართველი მცველი ვერონაში კი არა, კრემონეზეში გადადის. დღეს ვოლსბერგერმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში შინ 1:5 წააგო ლასკ-თან. SkySport Austria დაინტერესდა, თუ რატომ არ იყო ვოლფსბერგერის განაცხადში ლუკა ლოჩოშვილი. 

"ორმა იტალიურმა კლუბმა ერთნაირი ფინანსური პირობები შემოგვთავაზა ლუკას ტრანსფერის სანაცვლოდ. ეს კლუბებია კრემონეზე და ვერონა. ასე რომ, არჩევანის უფლება ფეხბურთელს დავუტოვეთ, რომელმაც კრემონეზე აირჩია. მანამდე Sportitalia წერდა, რომ ჰელას ვერონა ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს იხდიდა. ლოჩოშვილის ტრანსფერი ვოლფსბერგერის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი ტრანსფერი იქნება. 

კრემონეზე ლომბარდიული კლუბია, გასულ სეზონში კრემონეზემ სერია B-ში მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტაში დაბრუნდა. გუნდს არსებობის ისტორიაში სულ 7 სეზონი აქვს გატარებული სერია A-ში, აქედან 5-ჯერ ის გავარდა. 

ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, ასევე ირიცხებოდა სლოვაკურ ჟილინაში, ხოლო ვოლფსბერგერში 2020 წლიდან 71 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში 24 წლის მცველის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 2 თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები