Thumbnail

'სწავლა და ბევრი რჩევა მინდა' - ირაკლი აზაროვი ცრვენა ზვეზდაზე

ირაკლი აზაროვი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი, რომელიც ბოლოს დინამო ბათუმში გამოდიოდა, სერბული კლუბის ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს. 

ცრვენა ზვეზდამ ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. პრესკონფერენციაზე ირაკლისთან ერთად კლუბის სპორტული დირექტორი მიტარ მრკელა წარსდგა.

"მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი მეექვსე შენაძენი ამ სატრანსფერო ფანრჯის პერიოდში. ირაკლი აზაროვი 20 წლის მარცხენა მცველია. ჩვენთვის პრობლემურ ამ პოზიციაზე დიდხანს ვეძებდით მოთამაშეს, რომელიც მილან როდიჩის პარტნიორი იქნებოდა როტაციაში და არჩევანი ახალგაზრდა ფეხბურთელზე შევაჩერეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოდის. ბოლო წელს მან ძალიან მოუმატა და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს. ის როდიჩისგან განსხვავებულია, მისთვის დამახასიათებელია შემტევი სტილი, სისწრაფე, დრიბლინგი, პასი. სამწვრთნელო შტაბს მარცხენა მცველის პოზიციაზე ახალი ვარიანტი ექნება", - აღნიშნა მრკელამ. 

პრეზენტაციაზე თავად ქართველმა ფეხბურთელმაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბედნიერია ბელგრადის კლუბში მისვლით და გამოთქვა იმედი, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით გაივლის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 

"ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და დიდი კლუბის ნაწილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, ვარჯიშზეც და მოედანზეც, რათა დავეხმარო გუნდს ტიტულების მოპოვებასა და ევროპაში წარმატებების მიღწევაში. მარკო მარინი ცრვენა ზვეზდაზე, მის გულშემატკივრებზე ბევრს მესაუბრა, თუმცა მანამდეც ვიცოდი, რომ ეს დიდი და ძალიან წარმატებული კლუბია, მდიდარი ისტორიით.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩვენ მოვხვდებით. ვნახე გუნდის მატჩები და მართლა კარგად ვთამაშობთ.

ვიცნობ ცრვენა ზვეზდას ლამის ყველა ფეხბურთელს, მათ კარგად მიმიღეს. ბრწყინვალე გუნდი გვყავს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. როდიჩი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ცრვენა ზვეზდაში ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული. დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრს ვისწავლი და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება.

ჩემთვის ცნობილია დეიან სტანკოვიჩის (ცრვენა ზვეზდას მთავარი მწვრთნელი) კარიერის შესახებ. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, ახლა კი უკვე შეიძლება ითქვას, ფენომენური მწვრთნელიცაა. მინდა მისგან ვისწავლო და რაც შეიძლება, ბევრი რჩევა მივიღო", - თქვა ირაკლი აზაროვმა. 

ცრვენა ზვეზდამ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ პიუნიკს პირველ მატჩში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და პლეი ოფი პრაქტიკულად გაინაღდა, სადაც მისი მეტოქე დიდი ალბათობით, მაკაბი ჰაიფა იქნება. რაც შეეხება სერბეთის ჩემპიონატს, აქ ცრვენა ზვეზდას გასულ 4 ტურში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა (12) აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

კომენტარები

ბოლო ამბები