Thumbnail

7-კაცა რაგბი | საქართველოს ნაკრები ჩილეში შესარჩევ ტურნირზე გაემგზავრა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ჩილეს დედაქალაქი სანტიაგოში გაემგზავრა, სადაც 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. 

მსოფლიო სერიის საგზურისთვის ექვსი რეგიონის 12 ნაკრები იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი მეოთხედფინალში გავა. ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება, მსოფლიო სერიის საგზურს კი მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

A ჯგუფი: ჩილე, საქართველო, სამხრეთ კორეა, პაპუა ახალი გვინეა.
B ჯგუფი: ჰონგ კონგი, ტონგა, იამაიკა, ზიმბაბვე.
C ჯგუფი: ურუგვაი, უგანდა, გერმანია, ლიეტუვა.

7-კაცა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 13 მორაგბე, რომლებიც ჩილეში ითამაშებენ. წინა ტურნირებისგან განსხვავებით გუნდში ორი ახალი სახეა, ორივე შავი ლომიდან – მირიან მოდებააძე და ლაშა ლომიძე.

“ნაკრებისა და შავი ლომის ბიჭების დამატებით, ვარჯიშების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბევრი დეტალი გამოვასწორეთ, რაც ჩილეში წარმატების იმედს გვაძლევს. მსოფლიო სერიაზე მოხვედრა ჩვენი ოცნებაა და თუ ეს მოვახერხეთ, ფაქტობრივად, ყოველ თვე მსოფლიოს ჩემპიონატს ვითამაშებთ, რაც ქართულ რაგბს და 7-კაცას მნიშვნელოვნად წაწევს წინ. თავდაჯერებულები ვართ. ერთადერთ პრობლემას აღდგენა გვიქმნის. გზაში 2 დღის გატარება გვიწევს და აღსადგენადაც იგივე დრო გვრჩება. იმედია ადაპტაციას კარგად გავივლით“ – განაცხადა 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები

იოსებ გუშარაშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ლაშა ლომიძე (ყველა – შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი, თემო ჭიჭინაძე (ორივე – ყოჩები), გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე (ორივე – ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე, თემურ კოხოძე (ორივე – აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები