გასულ უიკენდზე ორი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერები დადასტურდა: დინამო ბათუმის და ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი სერბულ გრანდში, ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში გადავიდა, ხოლო ავსტრიული ვოლფსბერგერის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი კი იტალიის სერია A-ში მიდის - ის კრემონეზეში ითამაშებს. მოკლედ, იტალიის ჩემპიონატში, რომელიც მომავალ უიკენდზე იწყება, ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში და ლოჩოშვილი კრემონეზეში. ეს და შაბათ-კვირის სხვა მნიშვნელოვანი ამბები ევროპოპის ტრადიციულ ორშაბათის საკითხავში.
ტრანსფერი | აზაროვი ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელია
დინამო ბათუმისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი კარიერას სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. 20 წლის მარცხენა მცველი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელი გახდა. "ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მარკო მარინი ცრვენა ზვეზდაზე, მის გულშემატკივრებზე ბევრს მესაუბრა, თუმცა მანამდეც ვიცოდი, რომ ეს დიდი და ძალიან წარმატებული კლუბია, მდიდარი ისტორიით." - განაცხადა აზაროვმა პრეზენტაციაზე.
📋 | აზაროვის კომენტარი და ტრანსფერის დეტალები ვრცლად წაიკითხეთ აქ

ტრანსფერი | მეორე ქართველი სერია A-ში
ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა დიტმარ რაიგლერმა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი სერია A-ში დაადასტურა. ოღონდ, 24 წლის ქართველი მცველი ვერონაში კი არა, კრემონეზეში გადადის. "ორმა იტალიურმა კლუბმა ერთნაირი ფინანსური პირობები შემოგვთავაზა ლუკას ტრანსფერის სანაცვლოდ. ეს კლუბებია კრემონეზე და ვერონა. ასე რომ, არჩევანის უფლება ფეხბურთელს დავუტოვეთ, რომელმაც კრემონეზე აირჩია." - განაცხადა რაიგლერმა.
📋 | ტრანსფერზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

ლეგიონერის გოლი | ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ჰონვედის წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გაატარა, თუმცა გოლის გასატანად ეს დროც ეყო. ბუდუ ძალიან მაგარ ფორმაშია: მიმდინარე სეზონში 5 მატჩში უკვე 4 გოლი აქვს.
შესაძლო ტრანსფერი | მიქაუტაძე ჩემპიონშიპში?
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული მეცის 21 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ ბარნლის ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას 'სანის' რეპორტიორი ალან ნიქსონი ავრცელებს. როგორც ირკვევა, ბარნლის მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანის (ბელგიის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი კაპიტანი) მეციდან 2 ფეხბურთელის გადაბირება სურს - ესენი არიან მიქაუტაძე და 25 წლის მალელი მცველი ბუბაკარ კუაიტე.
📋 | რას წერს Footballleagueworld - წაიკითხეთ აქ

კვარა | სპალეტიმ ხვიჩაზე ვრცლად ისაუბრა
ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით რომ კმაყოფილია, ეს იტალიელმა სპეციალისტმა უკვე არაერთხელ თქვა. გამონაკლისი არც ესპანიოლთან მატჩისშემდგომი კომენტარი ყოფილა, რომელშიც სპალეტიმ 21 წლის ქართველზე ვრცლად ილაპარაკა. ნეაპოლელთა თავკაცს ჰკითხეს, ელოდა თუ არა, კვარაცხელიასთან ასეთ თამაშს. სპალეტი: "დიახ, ველოდი, რომ კვარაცხელია ასე ითამაშებდა. ჩვენ გვჭირდებოდა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე, რომელიც მეტოქესაც ატყუებს, შეტევაში სივრცეებსაც ათავისუფლებს და კარშიც ურტყამს. უნდა ითქვას, რომ ის არის ბიჭი, რომელსაც თავგანწირვით თამაში შეუძლია და ყველაფრისთვის მზადაა."
📋 | ყველაფერი, რაც სპალეტიმ კვარაცხელიაზე თქვა, წაიკითხეთ აქ

კომენტარები