Thumbnail

აფრიკელები უეფას ნაპოლის პრეზიდენტის დასჯისკენ მოუწოდებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია დე ლაურენტისის დასჯას ითხოვს
  • CAF-ში ნაპოლის პრეზიდენტის განცხადების გამო აღშფოთებულები არიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) უეფას მიმართა და ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და სასამართლო პროცესის დაწყება მოითხოვა.

მიზეზი ნეაპოლელთა ბოსის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებაა. როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის პრეზიდენტმა თქვა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს მანამდე, სანამ ისინი თავიანთი ნაკრები გუნდების ზოგიერთ ტურნირში მონაწილეობაზე უარს არ იტყვიან.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია უეფასთვის ოფიციალურ მიმართვაში წერს, რომ “დე ლაურენტისის უპასუხისმგებლო სიტყვების გამო აღშფოთებულია.” მიმართვაში ვკითხულობთ, რომ “აფრიკის თასი საერთაშორისო დონეზე სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და იმ აფრიკელი ფეხბურთელების ტურნირზე თამაში, რომლებიც საკლუბო დონეზე ევროპაში ასპარეზობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.” როგორც იცით, ფიფას წესების მიხედვით, კლუბები ვალდებულები არიან, რომ ფეხბურთელები აფრიკის თასზე სათამაშოდ გაუშვან.

“აფრიკელ ფეხბურთელებზე საუბარი საერთოდ აღარ მსურს! - ამბობდა დე ლაურენტისი გასულ კვირაში, ერთ-ერთ ინტერვიუში, - ისინი ნამდვილად მიყვარს, თუმცა ან ხელი მოაწერონ რაიმე საბუთს, რომ აფრიკის თასზე აღარასდროს ითამაშებენ ანაც ისინი ჩემთვის უბრალოდ აღარ არსებობენ. პრინციპში იგივე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს სამხრეთ ამერიკის ზონაშიც. ისე გამოდის, რომ იდიოტები ვართ, რომლებიც ფეხბურთელებს ფულს იმაში ვუხდით, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ითამაშონ”.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასი 2 წელიწადში ერთხელ, წლის დასაწყისში იმართება ხოლმე. მომავალში იგეგმება, რომ აღნიშნული ტურნირი ივნის-ივლისში ჩატარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები