Thumbnail

'ის ავარია სამჯერ უფრო სახიფათო იყო' - მევლუდ მელაძის რჩევა ახალბედა დრიფტერებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მევლუდ მელაძეს კვირის და 7 წლის წინანდელ ავარიებზე ვესაუბრეთ
  • მისი თქმით, 2015 წლის შემთხვევა გაცილებით სახიფათო იყო

7 აგვისტოს, ზუგდიდში გამართულ საქართველოს დრიფტ სერიის ეტაპზე მევლუდ მელაძეს მძიმე ავარია შეემთხვა - მისი მანქანა გადატრიალდა და ერთ მომენტში ცეცხლის გაჩენის საფრთხეც იყო.

საბედნიეროდ, გამოცდილი პროფესიონალი მრბოლელი ავარიას უვნებლად გადაურჩა, თუმცა, ბუნებრივია, ასპარეზობის დასრულება ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მელაძეს მსგავსი შემთხვევა თავს 2015 წელსაც გადახდა, როცა ფორმულა ალფას კლასში წრიული რბოლის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ერთმანეთს მელაძე და ირაკლი ჩხეიძე შეეჯახნენ. მისი ბოლიდი მაშინაც ამოტრიალდა. მელაძე რუსთავის ავტოდრომზე მომხდარ შეჯახებასაც უვნებლად გადაურჩა. 'ევროპოპთან' საუბრისას მევლუდ მელაძემ კვირის შემთხვევაზეც ისაუბრა და 7 წლის წინანდელი ავარიაც გაიხსენა. 

…ავარიის შესახებ: "ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. შეჯიბრზე საკმარისი რაოდენობის ბორბლები არ წავიღე, ვერ გავთვალე რამდენი დამჭირდებოდა. ტურნირის ბოლოს საბურავები აღარ დამრჩა და სხვას გამოვართვი. სამწუხაროდ, ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორიც უნდა ყოფილიყო და მანქანა იმაზე მეტად მოცურდა, ვიდრე ველოდი. ამოტრიალების შემდეგ ვეცადე, რომ მანქანიდან მაქსიმალურად სწრაფად გადმოვსულიყავი, რადგან ჩემი ოჯახის წევრები შეჯიბრს თვალს ონლაინ ადევნებდნენ და ვიცოდი, ინერვიულებდნენ. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა."

…მანქანაზე: "პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ავტომობილი განადგურდა - მხოლოდ ძრავა გადარჩა. სპორტული მანქანა ისეა მოწყობილი, რომ მრბოლელს მაქსიმალურად იცავს. ეს რომ სამოყვარულო მანქანა ყოფილიყო, ბუნებრივია, საფრთხე გაცილებით დიდი იქნებოდა. რბოლის დროს მომხდარი ავარიისას ცეცხლის გაჩენის შანსი ყოველთვის მაღალია, რადგან მანქანას მაღალი სიმხურვალე აქვს, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის საწვავს ვიყენებთ. გადატრიალებისთანავე გამოვრთე ელექტრობა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გააქტიურებისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ ავტომობილის სწრაფად დატოვება გადავწყვიტე."

'პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ავტომობილი განადგურდა - მხოლოდ ძრავა გადარჩა'

…პარალელი 2015 წელთან: "თუ ამ ორ ავარიას შევადარებთ, შემიძლია ვთქვა, რომ რუსთავში მომხდარი ინციდენტი სამჯერ უფრო სახიფათო იყო. ფორმულას ბოლიდი რომ გადატრიალდა, ზემოდან დამცავი არაფერი მქონდა. მაშინ, ფორმულა 1-შიც კი არ იყო დამცავი სისტემები დამონტაჟებული. ძალიან მომეხმარა ის, რომ ფიზიკურად დიდი არ ვარ. მაშინ ვეცადე, რომ მაქსიმალურად დავპატარავებულიყავი და თავი ასე დამეცვა. ჩაფხუტი, რომელიც რუსთავის ავარიისას მეკეთა, რელიკვიად მაქვს შენახული. თითქმის სულ გახეხილია."

…მიღებულ გაკვეთილზე: "ამ შემთხვევიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მსგავს შეჯიბრებებში (იგულისხმება დრიფტის ის ტურნირები, რომელთა ტრასაც ცემენტის ბორდიურებით არის შემოფარგლული) სამოყვარულო მანქანებით მონაწილეები არ დაიშვებიან. ლილოს ავტოდრომზე არის ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასპარეზობა. იქ ტრასა ბორდიურებით შემოსაზღვრული არ არის, ასფალტიდან გადასვლის შემდეგ ბალახზე გადიხარ და საფრთხე გაცილებით დაბალია." 

...რჩევა ახალგაზრდა მრბოლელებს და ავტომოყვარულებს: "ასევე, ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სამოყვარულო ავტომობილებით საზოგადოებრივ სივრცეებში დრიფტისაგან თავი შეიკავონ. მეც ქუჩის რბოლებიდან მოვედი ამ სფეროში. დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქუჩებში ამგვარი მოქმედებები თვითმკვლელობას უახლოვდება. მინდა, ახალგაზრდებმა ეს საშიშროება გაითვალისწინონ და ბედთან თამაშზე უარი თქვან."

📺 | მევლუდ მელაძე სტუმრად ევროპოპის YouTube არხის რუბრიკაში "ჩემი არგუმენტი"

კომენტარები

ბოლო ამბები