Thumbnail
  • საქართველო (ქალები) 2:2 პოლონეთი (ქალები)
  • საქართველო 2:2 პერუ

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლოსწინა, მე-10 ტურის წინ ქალთა პირველობას ოთხი ნაკრები ლიდერობდა 15-15 ქულით, მათ შორის საქართველოსა და პოლონეთის გუნდები. სწორედ ეს ორი ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს მე-10 ტურში, მატჩი 2:2 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგა. 

პირველ დაფაზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე ნანა ძაგნიძემ ალინა კაშლინსკაიასთან ყაიმით დაასრულა პარტია, ნინო ბაციაშვილმა კი შავებით სძლია მონიკა სოცკოს. მესამე დაფაზე თეთრებით უპირატესობა ვერ გამოიყენა ლელა ჯავახიშვილმა და ის ოლივია კიოლბასას დაუზავდა. სამწუხაროდ, სალომე მელია მარია მალიცკასთან დამარცხდა. 

10 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა. ვინაიდან, მასპინძელმა ინდოეთმა 3.5:0.5 დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები, ეს გუნდი ერთპიროვნულად გალიდერდა 17 ქულით. პოლონეთს, აზერბაიჯანს და უკრაინას ასევე 16-16 ქულა აქვს, ტაი ბრეიკით საქართველო მეხუთეა. 

9 აგვისტოს ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს ეთამაშება და ჩემპიონობისთვის მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება (თუმცა ესეც შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს). ლიდერი ინდოეთი 15-ქულიან აშშ-ს ხვდება, ხოლო უკრაინა პოლონეთს ეთამაშება. 

ვაჟთა ნაკრებმაც ვერ გაიმარჯვა, 2:2 პერუსთან. პირველ დაფაზე ემილიო კორდოვასთან დამარცხდა ბაადურ ჯობავა. მიხეილ მჭედლიშვილმა და ლუკა პაიჭაძემ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, ლევან ფანცულაიამ კი მეტოქის დამარცხება შეძლო. 10 ტურიდან 13 ქულით საქართველოს ნაკრები 23-ე პოზიციაზეა და ათეულის შანსიც დაკარგული აქვს. 

ვაჟთა შორის 17-17 ქულა უზბეკეთსა და სომხეთს აქვთ, შემდეგ მოდიან: ინდოეთი, ინდოეთი II და აშშ, მათ 16-16 ქულა აქვთ. ბოლო ტურში საქართველო ეგვიპტეს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები