Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს 
  • ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერიდან კრემონეზეში გადავიდა

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონში ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ ნაპოლიში გადავიდა, იტალიაში კარიერას ლუკა ლოჩოშვილიც გააგრძელებს. 

24 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც ბოლოს ავსტრიული ვოლფსბერგერის ღირსებას იცავდა, კრემონეზეში ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა: სერია A-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ლოჩოშვილი უკვე კრემონეზეს ფეხბურთელია. ცოტა ხანში ტრანსფერის დეტალებიც გაოფიციალურდება.

ლუკამ ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა

ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, ასევე ირიცხებოდა სლოვაკურ ჟილინაში, ხოლო ვოლფსბერგერში 2020 წლიდან 71 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მცველის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 2 თამაშია.

ლუკა ლოჩოშვილი ფერან ტორესის წინააღმდეგ (2021 წელი. ესპანეთი 4:0 საქართველო) 

კრემონეზე იტალიის ქალაქ კრემონას კლუბია, რომელიც 1903 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს კი  "ჯოვანი ძინიზე" (ტევადობა: 20 641) მართავს. კრემონეზემ გასულ სეზონში სერია B-ში მეორე ადგილი დაიკავა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

კრემონეზე საშინაო მატჩებს ამ არენაზე მართავს

ლომბარდიული გუნდი, რომელიც ზაფხულში 52 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მასიმილიანო ალვინიმ ჩაიბარა, ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 14 აგვისტოს, სტუმრად ფიორენტინასთან ჩაატარებს. ლუკა ლოჩოშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას პირველი იტალიური დაპირისპირება კი შესაძლოა 9 ოქტომბერს შედგეს - სერია A-ს მე-9 ტურში კრემონეზე ნაპოლის მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები