Thumbnail
  • დინამო ბათუმის ყოფილმა ნახევარმცველმა ირაკლი აზაროვზე ისაუბრა
  • დენკოვიჩისთვის ის საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთან ერთადაც უთამაშია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო ბათუმის ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან დენკოვიჩმა სერბულ Mozzart Sport-ს ინტერვიუ მისცა და ირაკლი აზაროვზე ისაუბრა. მონტენეგროელი მიიჩნევს, რომ ირაკლი სერბეთის ნაკრების მარცხენა მცველ ფილიპ მლადენოვიჩზე უკეთესი ფეხბურთელია. 

"ცრვენა ზვეზდამ ძალიან მაგარი ტრანსფერი განახორციელა. მიმაჩნია, რომ აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია და არა მხოლოდ ეს, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, ვისი თამაშიც ლაივში მინახავს. ირაკლის საოცარი ტექნიკა და სისწრაფე აქვს, ბოლო დროს დიდი პროგრესი ჰქონდა. დაიმახსოვრეთ რასაც ვამბობ, თუ აზაროვი ზრდას განაგრძობს, ზვეზდა მას ტოპ 5 ლიგის წამყვან კლუბში გაყიდის." - განაცხადა დენკოვიჩმა.

31 წლის ნახევარმცველმა ქართველი ფეხბურთელი სერბეთის ნაკრების მარცხენა მცველსაც შეადარა: "იმედი მაქვს, სერბული საზოგადოება არ ჩამქოლავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აზაროვი გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე ფილიპ მლადენოვიჩი. თქვენ თვითონ ნახავთ, რას გააკეთებს ცრვენა ზვეზდასთვის."

სტეფან დენკოვიჩი ბოლნისის სიონის წინააღმდეგ

ინტერვიუს ბოლოს დენკოვიჩმა ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა: "აზაროვს საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლი მუდმივად იძახებს. ეს ბევრს ნიშნავს. ირაკლიმ იცის, რომ ახლა კარიერის მორიგი ნაბიჯი უნდა გადადგას. ცრვენა ზვეზდა დინამო ბათუმზე მაღალი დონეზეა, მაგრამ ხალხს ნუ ეგონება, რომ ქართული კლუბები სუსტები არიან. ძალიან გაგაკვირვებთ იმის ნახვა, თუ რამდენი ნიჭიერი მოთამაშეები არიან ამ ქვეყანაში."

სტეფან დენკოვიჩი დინამო ბათუმს 2022 წლის დასაწყისში შეუერთდა და კლუბი გასულ თვეში დატოვა. მონტენეგროელმა ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში განაგრძო და დეჩიჩს შეუერთდა. მონტენეგროს ჩემპიონატის დაწყებიდან 3 ტურია გასული, დეჩიჩმა 3-ვე თამაში მოიგო, დენკოვიჩმა კი გოლი სამივე შეხვედრაში გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები