- საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ გიგზმა მეგობარ გოგონას რამდენჯერმე სცემა
- უელსელის მსხვერპლი 36 წლის კეიტ გრევილის გარდა მისი უმცროსი დაც გახდა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
2021 წელს ინგლისის პოლიციამ რიან გიგზის წინააღმდეგ 2 ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრა, ახლა ბრიტანულ პრესაში აღნიშნული საქმის დეტალები გახდა ცნობილი.
2020 წლის ნოემბერში უელსელმა 36 წლის მეგობარ ქალ კეიტ გრევილზე და მის 20 წლის დაზე, ემაზე იძალადა. კეიტმა ფიზიკური ძალადობის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამას გარდა, გიგზს სასამართლო 2017-2020 წლებში გრევილის იძულებასა და კონტროლშიც ადანაშაულებს. რაიანს დღემდე არ უღიარებია, რომ ორ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც Sky Sports იტყობინება, 8 აგვისტოს გამართულ სასამართლო მოსმენაზე მანჩესტერის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 48 წლის გიგზი მრავალი წლის მანძილზე ძალადობდა მეგობარ გოგონაზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ქალმა, რომელსაც რაიანი უყვარდა, არსებული რეალობა გვიან გაიაზრა და მიხვდა, რომ სიყვარულის ნაცვლად, იძულებასა და კონტროლს იღებდა. სწორედ ამ მოქმედებებზე პროტესტის გამოთქმის გამო სცემა გიგზმა მას.
პროკურორის განცხადებით, რაიანმა კონტროლი დაკარგა და ქალს თავი ჩაარტყა. იმ საღამოს კეიტმა ყოფილ ფეხბურთელთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, როცა Stock Exchange Hotel-ში მეგობრებთან ერთად ყოფნისას გიგზის მხრიდან ღალატის მორიგი ფაქტი გაიგო. ნივთების სახლიდან წამოსაღებად დასთან ერთად წავიდა, თუმცა ვერ მოასწრო და ძალადობის ინციდენტს ადგილი მაშინ ჰქონდა. ქალმა თავის დაცვა სცადა და ორივე იატაკზე აღმოჩნდა. ამ დროს კეიტის და მოძალადისაგან მის დახსნას შეეცადა, თუმცა გიგზისგან ყბაში მუშტი მიიღო. დაპირისპირება სამზარეულოში გაგრძელდა, სადაც რაიანმა გრევილს თავი უფრო ძლიერად ჩაარტყა, რის შედეგადაც კეიტმა სახის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. მალე კი სახლში პოლიციაც მივიდა, რომელიც ემამ გამოიძახა.

ამის შემდეგ კეიტ გრევილმა რაიან გიგზი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, თუმცა გიგზმა მას შეტყობინება ელ-ფოსტით გაუგზავნა და ინტიმური შინაარსის ფოტოების გასაჯაროებით დაემუქრა, თუ იმას არ გააკეთებდა, რასაც მისგან ითხოვდა. გიგზი კეიტს სახლსა და სპორტდარბაზში აკითხავდა, ხოლო პირადი ნივთების წამოსაღებად მისულ ქალს მძიმე საგანი ესროლა.
სასამართლო პროცესი დაწყებულია და თუ გიგზს ბრალი დაუდგინდა, უელსური ფეხბურთისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას პატიმრობა ემუქრება. ფეხბურთელმა, რომელიც მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა (1990-დან 2014 წლამდე, 672 მატჩი, 114 გოლი), 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი.
კომენტარები