Thumbnail
  • 📅 10 აგვისტო | 🏟 ჰელსინკი | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V აინტრახტი | 📺 SILK Universal
  • რეალი უეფას სუპერთასის მოგებას მეხუთედ შეეცდება
  • ბაიერნის გარდა გერმანულ კლუბს ეს ტიტული არასდროს მოუგია
  • ყველაფერი, რაც სუპერთასის ფინალის წინ უნდა იცოდეთ

აინტრახტმა ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო - პარასკევს, ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის ბაიერნთან 1:6 განადგურდა. ორი ვარიანტია: ან ფრანკფურტელები სეზონის სტარტს მართლაც საშინელ ფორმაში შეხვდნენ, ანაც ამ თამაშზე ფიქრობდნენ და ბაიერნთან დიდად არ მოინდომეს. ბუნდესლიგაში აინტრახტს წინ კიდევ 33 მატჩი ელის, ეს თამაში კი ისტორიულია და მისი მოგება ფრანკფურტელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ რეალს უეფას სუპერთასს მოუგებენ, ამით ათწლეულები იამაყებენ.

წელს სუპერთასის დაპირისპირება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში იმართება. ოლიმპიური სტადიონი, რომელზეც აქამდე არც რეალს უთამაშია და არც აინტრახტს, 31 500 მაყურებელს იტევს.

საინტერესოა, რომ გერმანულ კლუბს უეფას სუპერთასი აქამდე 2-ჯერ აქვს მოგებული: 2013 და 2020 წლებში ეს ტიტული მიუნხენის ბაიერნმა მოიგო. სხვა გერმანულმა ფინალისტებმა კი ყველა მატჩი წააგეს: ჰამბურგი 1977 და 1983 წლებში დამარცხდა, ბრემენის ვერდერი 1992-ში, ხოლო დორტმუნდის ბორუსია 1997 წელს, იგივე ბაიერნი კი 1975 და 1976 წლებში. აინტრახტი სუპერთასისთვის პირველად იბრძოლებს.

აქამდე ჩატარებული 46 ფინალიდან ჩემპიონთა ლიგის ან ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა სუპერთასი “მხოლოდ” 26-ჯერ მოიგო. 2000 წლიდან სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის ან ევროპალიგის გამარჯვებულები ხვდებიან, მანამდე კი ჩემპიონთა თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორებს ეთამაშებოდნენ (1997 წლამდე სულაც ორმატჩიან დუელებში). სუპერთასი ყველაზე მეტჯერ მილანს და ბარსელონას აქვთ მოგებული (5-5), შემდეგ მოდიან რეალი და ლივერპული (4-4).

რეალი და აინტრახტი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 1960 წლის ფინალში, 18 მაისს, “ჰემპდენ პარკზე”, 127 621 მაყურებლის თვალწინ რეალმა აინტრახტი ისტორიულ მატჩში 7:3 გაანადგურა. ეს ჩემპიონთა თასის ფინალების ისტორიაში დღემდე ყველაზე უხვგოლიანი თამაშია. საინტერესოა, რომ აინტრახტი რიხარდ კრესის გოლით იგებდა, თუმცა რეალმა თამაში პირველივე ტაიმში შეატრიალა ალფრედო დი სტეფანოს დუბლით, ფერენც პუშკაშმა კი ანგარიში 3:1 გახადა. მეორე ტაიმში პუშკაშმა კიდევ 3 გოლის გატანაც შეძლო და პოკერი გაიფორმა. ჰეთ თრიკი ჰქონდა დი სტეფანოსაც. პუშკაში ერთადერთია, ვინც ფინალში პოკერი შეასრულა. 


კარლო ანჩელოტი (რეალის მთავარი მწვრთნელი): “გასულ სეზონში აინტრახტმა განსაკუთრებული რაღაც შეძლო, რადგან ფავორიტად არ მიიჩნეოდა. ფრანკფურტელებმა რამდენიმე დიდებული თამაში ჩაატარეს, “ნოუ კამპზე” სულაც ბარსელონას მოუგეს. მოკლედ, ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერი გრანდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში გამოვა.”

ოლივერ გლაზნერი (აინტრახტის მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩს ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ეს ჩემთვის კარლო ანჩელოტისთან დუელი კი არ არის, არამედ რეალ მადრიდთან, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. ვფიქრობ, ამ მატჩის მოგების შანსები გვექნება.”

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მატჩის “რიმეიქია” - ჩემპიონთა თასის 1960 წლის ფინალიდან 62 წლის შემდეგ რეალი და აინტრახტი ერთმანეთს ისევ ხვდებიან, ამჯერად უეფას სუპერთასის მატჩში, რომელიც ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

⚽ რეალი, რომელსაც ჩემპიონთა თასი 14-ჯერ აქვს მოგებული, სუპერთასის მოგებას კი მეხუთედ შეეცდება. ევროპალიგის გამარჯვებულ აინტრახტს კი სუპერთასი არასდროს მოუგია. 

⚽ რეალი და აინტრახტი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ის თამაში ლეგენდარულია: ჩემპიონთა თასის 1960 წლის ფინალი გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე”, რომელშიც რეალმა გერმანულ კლუბს 7:3 მოიგო და მაშინ ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა ევროპის მთავარ საკლუბო ჯილდოს.

დი სტეფანო ანგარიშს ათანაბრებს

⚽ რეალისთვის ეს სუპერთასის მერვე თამაშია (4 მოგება, 3 მარცხი). მადრიდელებმა პირველი ორი მატჩი წააგეს, მერე 4 მოიგეს და ბოლოს 2018 წელს თანაქალაქელ ატლეტიკოსთან დამარცხდნენ. 

⚽ რეალის ყველა მატჩი უეფას სუპერთასზე:
1998: ჩელსი 1:0 რეალი
2000: რეალი 1:2 (დ.დ.) გალათასარაი
2002: რეალი 3:1 ფეიენოორდი
2014: რეალი 2:0 სევილია
2016: რეალი 3:2 (დ.დ.) სევილია
2017: რეალი 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი
2018: რეალი 2:4 (დ.დ.) ატლეტიკო

⚽ 2017 წელს რეალი გახდა პირველი გუნდი მილანის (1989, 1990) შემდეგ, რომელმაც სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო. 2018 წელს რეალს მისი მოგება ზედიზედ მესამედაც შეეძლო, მაგრამ ასეთი ისტორიული რეკორდი ატლეტიკომ არ დაუშვა. 

⚽ რეალზე მეტჯერ სუპერთასი მხოლოდ მილანს და ბარსელონას აქვთ მოგებული (5-5)

⚽ რეალზე (8) მეტჯერ სუპერთასის მატჩში მხოლოდ ბარსელონამ ითამაშა (9)

⚽ უეფას სუპერთასისთვის ესპანური კლუბი 30-ედ იბრძოლებს, რაც რეკორდია.

⚽ ფრანკფურტელებისთვის ეს სუპერთასის პირველი თამაშია. აინტრახტი ჯამში 39-ე კლუბია, რომელიც ამ ტიტულისთვის იბრძოლებს - სხვათა შორის, ზედიზედ მეორე დებიუტანტი ვილიარეალის (შარშან) შემდეგ. 

⚽ აინტრახტი მეხუთე გერმანული კლუბია ისტორიაში, რომელიც სუპერთასისთვის იბრძოლებს - მიუნხენის ბაიერნის (1975, 1976, 2001, 2013, 2020), ჰამბურგის (1977, 1983), ბრემენის ვერდერის (1992) და დორტმუნდის ბორუსიას (1997) შემდეგ. აქედან სუპერთასი მოგებული მხოლოდ ბაიერნს აქვს (ორჯერ: 2013 და 2020 წლებში).

⚽ რეალს გერმანულ კლუბებთან 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 4 ფრე). ბოლო მარცხი იყო 0:2 ვოლფსბურგთან 2015/2016 წლების სეზონის მეოთხედფინალში (საპასუხო მატჩი რეალმა 3:0 მოიგო).

⚽ რეალი გერმანულ კლუბს ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა, როცა მიონხენგლადბახის ბორუსიას შინ 2:0 მოუგო, ხოლო სტუმრად კი 2:2 ითამაშა.

⚽ რეალისთვის ეს ევროტურნირების ფინალში მეოთხე თამაშია გერმანული კლუბის წინააღმდეგ და აქედან მესამე ნეიტრალურ მოედანზე. 1960 წელს აინტრახტთან ისტორიული გამარჯვების გარდა, ასევე “ჰემპდენ პარკზე” იყო 2:1 ლევერკუზენთან (2002 წელს). უეფას თასზე ესპანელებმა 1986 წლის ფინალში კიოლნი ორმატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხეს (5:1 სახლში და 0:2 სტუმრად).

⚽ რეალი პირველად ითამაშებს ჰელსინკიში. უეფას ტურნირებში მადრიდელებს ფინური კლუბის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

⚽ აინტრახტი პირველი გერმანული კლუბია 1997 წლის შემდეგ, რომელმაც უეფას თასი ან ევროპალიგა მოიგო. მაშინ შალკემ ფინალში ინტერი დაამარცხა.

⚽ ევროპალიგის წინა სეზონი აინტრახტმა წაგების გარეშე დაასრულა (7 მოგება, 6 ფრე). აქამდე ეს მხოლოდ ჩელსიმ (2018/2019 წლების სეზონში) და ვილიარეალმა (2020/2021) შეძლეს.

⚽ აინტრახტი ათჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს და 6-ჯერ მოუგო (მხოლოდ 1 მარცხი და ისიც 1960 წლის ფინალში რეალთან).

⚽ რეალის მსგავსად, აინტრახტიც პირველად ითამაშებს ჰელსინკიში. 

⚽ აინტრახტის მწვრთნელი ოლივერ გლაზნერი ევროტურნირებზე ესპანური კლუბების წინააღმდეგ ოთხივე მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე). 

⚽ სუპერთასის ბედი პენალტების სერიამ აქამდე მხოლოდ სამჯერ გადაწყვიტა და სამივე შემთხვევაში ჩელსი თამაშობდა - 2021 წლის ტრიუმფამდე ლონდონელები 2013 წელს ბაიერნთან დამარცხდნენ, 2019-ში კი ლივერპულთან.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ედერ მილიატო, ალაბა, ფ. მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი.

აინტრახტი (3-4-2-1): ტრაპი - ტურე, ტუტა, ნდიკა - კნაუფი, სოუ, როდე, ლენცი - კამადა, გიოტცე - კოლო მუანი.

კომენტარები

ბოლო ამბები