Thumbnail

‘ჩემს ცოლს და შვილს, ჩემს ოჯახს აგინებდნენ’ - ბერარდი ინციდენტზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დომენიკო ბერარდიმ მოდენასთან მატჩის შემდეგ მომხდარზე ისაუბრა
  • მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რატომ მისდევდა ფანს

სასუოლო იტალიის თასს, ყველასათვის მოულოდნელად, 1/32 ფინალში გამოეთიშა. სერია A-ს გუნდი მოდენასთან 2:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი სკანდალური ინციდენტი მოხდა: სასუოლოს ლიდერი დომენიკო ბერარდი სტადიონის მისადგომებთან ერთ-ერთ გულშემატკივარს გამოეკიდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მიზეზი ისაა, რომ ტიფოზმა მას რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ ცდილობდნენ პოლიციელები და სასუოლოს თანამშრომლები ფეხბურთელის შეჩერებას. მოგვიანებით, 28 წლის ბერარდიმ, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, ბოდიში მოიხადა: “ჩვენ ფეხბურთელები ვართ და მესმის, რომ სამაგალითო ადამიანები უნდა ვიყოთ ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი.”

ბერარდიმ განმარტა, რატომ ვერ შეიკავა თავი: “ეს იმიტომ მოხდა, რომ აგინებდნენ ჩემს ოჯახს, ჩემს ცოლს და შვილს. ისეთი სიტყვები მესმოდა, რომ ძალიან გავბრაზდი.”

დომენიკო ბერარდის სასუოლოს გარდა სხვა კლუბში პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია. 354 მატჩში მას “ნეროვერდის” ფორმით 128 გოლი აქვს გატანილი (85 საგოლე პასი). იტალიის ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 24 თამაშში 6 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები