Thumbnail
  • ისლამ მახაჩევს მიაჩნია, რომ ოლივეირას დაფინიშებას მოახერხებს
  • მისი აზრით, ჩემპიონს კონორთან ჩხუბი არ უნდა სურდეს

UFC-ის მსუბუქი წონის ქამრის პრეტენდენტმა ისლამ მახაჩევმა (22-1) ESPN-ზე დანიელ კორმიესა და რაიან კლარკის გადაცემაში ჩემპიონ ჩარლზ ოლივეირაზე (33-8) ისაუბრა. დაღესტნელს მიაჩნია, რომ ბრაზილიელის დამარცხებას მოახერხებს და საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს. 

"ჩარლზი ამბობს, რომ ქედმაღალი გუნდი მყავს და ამავე დროს აცხადებს, თუ მსურს, შეგვიძლია ბრძოლა ჭიდაობით ან გრეპლინგით დავიწყოთ. ოლივეირა ჩემ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს და ამიტომ ვლაპარაკობ მასზე ისე, როგორც ვლაპარაკობ. ყველა მეტოქე, რომელიც ოლივეირამ დაამარცხა, სტრაიკერი (დამრტყმელი) იყო, მე კი მას პარტერში ძალიან სწრაფად გადავიყვან. ბოლო 11 მოგებიდან 10-ში მოწინააღმდეგე დააფინიშა. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ვიმეორებ, ყველა სტრაიკერი იყო.

მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე ტონი ფერგიუსონთან ჩხუბში მიიყვანა, ის ვერ დააფინიშა, რადგან ფერგიუსონს გრეპლინგზე რაღაც წარმოდგენა აქვს (ამბობს ტონიზე, რომელიც მე-10 პლანეტის ჯიუ ჯიცუს შავ ქამარს ფლობს - რედ.). მჯერა, რომ ამ ბიჭს დავაფინიშებ. UFC-ში უკვე 7-ჯერ წააგო და კიდევ ერთხელ თუ დამარცხდება, არა მგონია, მოულოდნელობა იყოს. 

ოლივეირა და ფერგიუსონი

ცხადია, მას ბრწყინვალე სერია აქვს და ბევრ ძლიერ მოწინააღმდეგეს მოუგო, მაგრამ ჩემი აზრით, სამარცხვინოა, როცა UFC-ის ჩემპიონი ხარ, საჩხუბრად კი ნეით დიასსა და კონორ მაკგრეგორს იწვევ, რომლებმაც ბოლოს როდის მოიგეს, არავის ახსოვს. ოლივეირამ ნეიტი და კონორი გამოიწვია, ჩემი სახელი კი დაავიწყდა,” - თქვა ისლამმა. 

ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობარი და აბდულმანაპ ნურმაგომედოვის აღზრდილი მახაჩევი ოლივეირას სატიტულო ბრძოლაში 23 ოქტომბერს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ორ მებრძოლს UFC-ის მსუბუქ წონაში მოგებათა ყველაზე გრძელი სერიები აქვთ - ოლივეირამ ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო, მახაჩევმა - 10.

კომენტარები

ბოლო ამბები