Thumbnail
  • 📅 12 აგვისტო | 🏟 თბილისი | ⌚ 19:00 | ⚽ საქართველო V ისრაელი | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთთან გამართული ორი მატჩის შემდეგ, თბილისში ისრაელის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და ორ შეხვედრას ჩაატარებს. პირველ მატჩზე დასწრება ქომაგსა და მაყურებელს შეეძლება, ხოლო მეორე შეხვედრა დახურული იქნება.

ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. მედიასთან კომენტარები ილიას ზუროსმა, თორნიკე შენგელიამ და რატი ანდრონიკაშვილმა გააკეთეს. ზუროსმა აღნიშნა, რომ ეს მატჩი ამხანაგურია და შედეგს ამ დროისთვის მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, ნაკრების მწვრთნელმა გოგა ბითაძეზეც ისაუბრა და გასაუმჯობესებელ დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

...შეკრებაზე და ისრაელთან მატჩზე: "სლოვენია მზადების პირველი ნაწილი იყო. იქ თავგანწირვით ვიმუშავეთ. ახლა მზადების პროცესის მეორე ნაწილია. ხვალ ისრაელთან თამაში გვაქვს. ეს ტესტ-მატჩია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის ანგარიში ახლა არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანი დღითი დღე განვითარებაა შეტევასა და დაცვაში. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პირველ ოფიციალურ მატჩამდე, რომელსაც ნიდერლანდებთან გავმართავთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე."

...გოგა ბითაძის შესახებ: "რაც შეეხება გოგას: არ გვაქვს ახალი ინფორმაცია. ახლა იმ კალათბურთელებზე ფოკუსირებაა მნიშვნელოვანი, რომლებიც აქ არიან. ვმუშაობთ იმ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც აქ არიან. თუ რაიმე სიახლე იქნება, რასაკვირველია, შეგატყობინებთ."

...გეგმებზე: ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, ეს ნორმალურია. პირველი - დაცვაში უკეთესად თამაში. ვერ ვთამაშობთ დაცვას ამ მომენტში ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ისე ვერ ვხსნით ბურთს, როგორც გვინდა. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მკაცრები, ძლიერები, აგრესიულები. გვჭირდება ჩვენი როლების პოვნა. გარდა ამისა, მამუ ხვალ პირველ თამაშს ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ დღეს შემოგვიერთდა. ჩვენ გვჭირდება, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ და ვასწავლოთ ჩვენი სისტემა. ამ მომენტისთვის კარგ ფორმაში არ ვართ, უფრო მეტად განვითარება გვჭირდება.

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)

...უნგრეთთან მატჩზე: უნგრეთთან თამაშს რაც შეეხება, მაინც პირველი ამხანაგური თამაში იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც. ეს იყო უფრო სატესტო მატჩი, კომბინაციები და ტაქტიკა დავხვეწეთ. ხვალინდელ მეტოქეს რაც შეეხება, უფრო კარგი გუნდია და უფრო კარგადაა მომზადებული. ჩვენც უფრო კარგი მხარე უნდა დავანახოთ მაყურებელს.

...ძლიერი და სუსტი მხარეები: მგონი, სანერვიულო არ გვაქვს. უნგრეთის თამაშიდან გამომდინარე საერთო სურათს ვერ შევქმნით. იმ პიკამდე მისვლა ჯერ ადრეა. დაცვა უნდა გამოვასწოროთ და ძლიერ მხარედ ვაქციოთ. პირველ შეტევაში სწრაფად ვითამაშოთ.

რატი ანდრონიკაშვილი (ნაკრების კალათბურთელი)

...ისრაელის ნაკრებზე: ისრაელის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველა გუნდი, ვისაც შევხვდებით ხვალიდან, იქნება ევრობასკეტის დონის. ბიჭები ვემზადებით საბოლოო მიზნისთვის, პირველის სექტემბრისთვის კარგად უნდა ვიყოთ მზად.

...ძლიერი და სუსტი მხარეები: სუსტ მხარეს ვერ ვიტყვი, ძლიერს არ შევაფასებ. პატარა ასპექტები უნდა გამოვასწოროთ, რათა შეტევასა და დაცვაში ევრობასკეტისთვის მზად ვიყოთ.

 

ისრაელთან ორი თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასისთვის მოემზადება, რომელიც საბერძნეთში 17-19 აგვისტოს გაიმართება, რის შემდეგაც ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ევრობასკეტი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები