Thumbnail
  • ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება
  • ქართველმა ძიუდოისტებმა მეორე დღესაც ორი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ დღეს ორი მედალი მოიგეს. თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ნინო ლოლაძემ (57 კგ) პირველ წრეში ეკვადორელ სკარლეტ სალმარს აჯობა, მაგრამ მეორე ეტაპზე თურქ ოზლემ ილდიზთან დამარცხდა. ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) ტურნირზე ერთი ეტაპი გაიარა, მან ამერიკელ ემილი დანიელა იასპეს მოუგო და მომდევნო ეტაპზე იოანი ვან ლიშაუთთან დამარცხდა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა: კოტე კაპანაძე და გიორგი ტერაშვილი. სამწუხაროდ, კაპანაძე ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა. მას იაპონელმა რიუგა ტანაკამ აჯობა, რის შემდეგაც კაპანაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრაშიც დამარცხდა. პოლონელმა მარჩინ კოვალსკიმ კაპანაძეს იპონით სძლია.

გიორგი ტერაშვილმა ფინალამდე ეკვადორელი მატიას კორონელი, გერმანელი იანო რუებო, მაროკოელი ჰასან დუკალი და უნგრელი დანიელ სეგედი დაამარცხა. ტერაშვილი ფინალში რიუგა ტანაკას დაუპირისპირდა. ტანაკამ ძირითად დროში 2 შიდო მიიღო. დამატებით დროში ტერაშვილი შებოჭვაზე დაიჭირეს და მას მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო.

დარჩენილ დღეებში საქართველოს ღირსებას ეს ძიუდოისტები დაიცავენ: გიორგი ჯაბნიაშვილი (81კგ), თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (90კგ), ირაკლი დემეტრაშვილი, შალვა გურეშიძე (მძიმე წონა), ნინო გულბანი (70კგ) და ანა შერაზადიშვილი (მძიმე წონა).

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები