- სომხეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის წარმატებული ევროპული კარიერა გრძელდება
- 33 წლის ნახევარმცველს რუსეთში თამაშის სანაცვლოდ დიდ ფულს სთავაზობდნენ
- ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა საინტერესო ფაქტები გაამჟღავნა
სომხეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს ჰენრიხ მხითარიანს კარიერის დიდი ნაწილი ევროპის წამყვან კლუბებში აქვს გატარებული და იქ გამოსვლას აგრძელებს. 33 წლის ნახევარმცველი, რომელმაც თამაში მშობლიურ პიუნიკში დაიწყო, ჯერ უკრაინაში, დონეცკის მეტალურგსა და შახტარში გამოდიოდა, შემდეგ დორტმუნდის ბორუსიაში, მანჩესტერ იუნაიტედში, ლონდონის არსენალსა და რომაში ითამაშა, სულ ახლახან კი მილანის ინტერში გადავიდა.

ჰერნიხ მხითარიანის ყოფილმა აგენტმა ტიგრან მკრტიჩიანმა ახლახან რუსულ მედიას ელაპარაკა, სადაც არ დამალა, რომ წარსულში მის კლიენტს არაერთი შეთავაზება ჰქონდა რუსეთიდან, თანაც, ფინანსურად საკმაოდ მიმზიდველი, მაგრამ სომეხმა ფეხბურთელმა რუსეთში გადაბარგებაზე ყოველთვის უარი თქვა.
"იყო დრო, როდესაც სპარტაკი მხითარიანს ცარიელ კონტრაქტს სთავაზობდა, რომელშიც ხელფასის ოდენობა სურვილისამებრ, თავად შეეძლო ჩაეწერა. სხვადასხვა პერიოდში მას რუსეთში რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. სპარტაკიც, ვარსკვლავებიანი ანჟიც, კრასნოდარიც ყოველთვის იჩენდნენ ინტერესს. ბოლო ხანებში რამდენჯერმე ჩაერთო ზენიტიც, მაგრამ ჰენრიხი ყველას პასუხობდა: "ჯერჯერობით ევროპაში დარჩენა მსურს". რამდენს სთავაზობდა ანჟი? სუფთა 30 მილიონ ევროს - ხუთწლიან კონტრაქტს. იმ დროისთვის ეს გაცილებით მეტი იყო იმაზე, რაც შეიძლებოდა მას ევროპაში მიეღო", - აქვეყნებს მკრტჩიანის სიტყვებს რუსული მედია.

ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან იცავდა, რომლის მაისურით 95 მატჩი ჩაატარა (32 გოლი), ბოლო 6 წლის განმავლობაში კი მისი კაპიტანი იყო. ჰენრიხმა სანაკრებო კარიერა 2021 წლის ბოლოს დაასრულა.
კომენტარები