Thumbnail

‘რობერ! რობერ!’ - ჩემს გარშემო არცთუ მცირერიცხოვანი ფრანგული კოლონია იჯდა და ასე რეაგირებდა ბურთთან რობერტ ლევანდოვსკის თითოეულ შეხებაზე.

ორიოდე კვირის წინ ცოტა ეჭვიც მეპარებოდა, ლევანდოვსკის ტრანსფერი ფინანსური და სტრატეგიული თვალსაზრისით ბარსასთვის რამდენად გამართლებული იყო, თუმცა სტადიონზე ნანახმა ყველა ეჭვს თუ კითხვას პასუხი გასცა. ბარსას ვარსკვლავი სჭირდება, ადამიანი, ვის გამოც ხალხი სტადიონზე მივა. მესის წასვლის შემდეგ ბარსას ასეთი დიდი სახელი უჭირდა. ლევანდოვსკისაც ‘კამპ ნოუს’ ტრიბუნები ისე შეხვდა, როგორც გმირს, მხსნელს - მის სახელს ყველაზე ხმამაღლა, აღფრთოვანებული მოლოდინით სკანდირებდა სტადიონი ჯერ კიდევ შემადგენლობის გამოცხადების მომენტამდე. ქალაქში ყველაზე ხშირად სწორედ მისი სახელი გესმით და მის მაისურს ხედავთ.

პოლონელი სუპერფორვარდიც სხეულის ენით, ემოციით ისე იქცეოდა, როგორც გუნდის მთავარი კაცი, მისი მფლობელი. და ეს იმის მიუხედავად, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით უფერული შეხვედრა ჰქონდა და როგორც ჩანს, ადაპტაციისთვის დრო ჯერ კიდევ სჭირდება. თამაშის დაწყებამდე პოლონელი ერთადერთი იყო, ვინც გულშემატკივართან მივიდა. თამაშის დროსაც, მის თითოეულ შეხებას სტადიონი სხვანაირად გრძნობდა და ელოდებოდა.

ლევანდოვსკი იქით იყოს და პირადად ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ტერ შტეგენმა დატოვა. მან და ფრენკი დე იონგმა. ზოგადად, სტადიონზე ნანახი თამაში და ტელევიზორის ფეხბურთი სხვადასხვა რამეა - მოთამაშეს და მის კლასს სხვანაირად ხედავ და გრძნობ. მერე საინტერესოა ხოლმე, ამ ორი შთაბეჭდილების შედარება და ანალიზი.

ტერ შტეგენი ფეხით მართლა ისე თამაშობს და ისე ხედავს მოედანს, დარწმუნებული ვარ, სადმე ნახევარდაცვაშიც არ დაიკარგებოდა. აბსოლუტურად მშვიდად ირგებს გამთამაშებლის როლს. შეტევას დიდებულად იწყებს რთული გადაცემებით, არც მის პრესინგს აქვს აზრი და არც პასის ხაზების ჩაკეტვას.

დე იონგი შეცვლაზე შევიდა, რადგან მისი ‘კამპ ნოუზე’ დარჩენის საკითხი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნიდერლანდელზე ტელევიზორიდან ნანახ ფეხბურთში არასოდეს ვგიჟდებოდი. მოედანზე პირიქით ჩანდა: ბურთს ძალიან მაგრად იღებს და დრიბლინგით ისე მიაქვს, მეტოქის პრესინგს და ზეწოლას არად აგდებს. მასთან ერთად ბურთი უფრო სწრაფად და ვერტიკალურად მოძრაობს. მართლა მაგარი ფეხბურთელი ყოფილა. 

აი, ზუსტად ისეთი, როგორიც ტელევიზორში ჩანს ხოლმე, უსმან დემბელე იყო. ავაზასავით მსუბუქად მოძრაობს, თუმცა ძალიან ზარმაცია და ბოლო მომენტში საფეხბურთო ინტელექტი არ ჰყოფნის. ისე თამაშობს, თითქოს ცოტა ეზარება, განსაკუთრებით უბურთოდ თამაშის დროს.

ზოგადად, ‘კამპ ნოუზე’ შემთხვევით აღმოვჩნდი. აგვისტოს პირველ ნახევარში ბარსას თამაში ლა ლიგაში ხშირი არ არის. ბილეთებიც მხოლოდ თამაშის დღეს იყიდება. მათთვის ვინც კლუბის წევრი არ არის და ონლაინ-გადამყიდველებისგან მისი ყიდვა არ სურს, ერთადერთი გზაა, მატჩის დღეს დაელოდოს და პირდაპირ სტადიონზე, ან ბარსას ოფიციალურ მაღაზიებში იყიდოს.

სტადიონთან ბილეთები ბოლო მომენტამდე იყიდება. თამაშის დაწყებამადე 1 საათით ადრეც რიგები დგას. გარეთ ბილეთის გადამყიდველები არიან და ბილეთის რეალურ ფასის გასამმაგებისთვის თუ მზად ხართ, სტადიონზე მოხვედრა პრობლემა არ იქნება. ‘კამპ ნოუ’ უზარმაზარია და მისი შევსება, მით უმეტეს, რაიო ვალეკანოს ტიპის მოწინააღმდეგესთან თამაშზე, თანაც აგვისტოში, იოლი ამოცანა არ არის. ასე რომ, თქვენ ბილეთზე შეიძლება რომელიმე გილერმო როდრიგესი ეწეროს, თქვენ კი თბილისიდან ჩამოხვიდეთ და სტადიონზე იჯდეთ.

ყველაზე საოცარი ‘კამპ ნოუს’ შიდა სისტემაა. კატალონელები თავის თავს ხმელთაშუა ზღვის გერმანელებსაც უწოდებენ - მათი წესრიგის, ორგანიზებულობის და დისციპლინის სიყვარულის გამო. ეს წესრიგი ძალიან სამხრეთულ, ზღვის, პალმების და მილიონობით ტურისტის ქალაქშიც ყველა ეტაპზე იგრძნობოდა. მაგალითად, ბარსელონას ტრანსპორტის სისტემა ისეა გამართული, ხმელთაშუა ზღვის კი არა, ნამდვილ გერმანელებსაც რომ შეშურდებათ. ‘კამპ ნოუ’ ამ წესრიგს და დისციპლინას განასახიერებს. არათუ ყველა იარუსს და სექტორს, არამედ ე.წ. თითოეულ ‘ბოკას’ ანუ რამდენიმე ასეულკაციან მინი-სექტორს თავისი ინდივიდუალური შესასვლელი აქვს. ისე ადიხარ შენს კუთვნილ ადგილზე, რომ გზას, რომც გინდოდეს, ვერ გადაუხვევ. უბრალოდ ვერ შეყოვნდები და ვერ დაიკარგები. სწორედ ამიტომ თამაშამდე 1 საათით ადრე ხალხი მშვიდად დგას საჭმლის რიგში სტადიონს გარეთ. ჩემი დათვლით, ზუსტად 15 წუთია საჭირო, სტადიონს გარეთა სივრციდან სულ ბოლო იარუსამდე რომ მიხვიდე.

‘კამპ ნოუ’ გარედან ნაკლებად შთამბეჭდავია. სტადიონი მიწაშია ჩადგმული ისე, რომ მისი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს გარეთა მხრიდან. მთავარი სცენა მის შიგნითაა - უზარმაზარი ზომის მიუხედავად, თამაში კარგად ჩანს, ვერტიკალური, მაღალი ტრიბუნების წყალობით თამაშს თითქოს ზემოდან გადმოყურებ, ისე, როგორც საჭადრაკო დაფას. ადიხარ და მაშინვე ფერების და ემოციების ფერად ზღვას ხედავ.

რაც ნამდვილად არ არის შთამბეჭდავი, ეს ბარსას გულშემატკივრობის ხარისხია. ესპანეთში სახელმწიფო და კლუბები ე.წ. ულტრასებს, ორგანიზებულ და განსაკუთრებულად ხმაურიან ფანების დაჯგუფებებს დიდი ხანია დევნიან. ბარსას ‘ულტრასებიც’ ამ მასშტაბის გრანდის კვალობაზე ხმაურით და მრავალრიცხოვნობით ვერ გამოირჩევიან. ზოგადად, ბარსას გლობალურ ბრენდად ქცევამ სტადიონზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ბევრი ნეიტრალური, ჩემნაირი გულშემატკივარი მიიზიდა, რომელიც თამაშს უფრო როგორც სანახაობას, პერფორმანსს უყურებს, ვიდრე მისი შედეგით სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაინტერესებულია.

ეს კატალონური კულტურის ნაწილიცაა. ბარსელონა არა მხოლოდ ტურისტების, არამედ თავისუფლების, შემოქმედების და სანახაობის ქალაქია, რომელიც თავისი ლიბერალური ტრადიციით ჯერ კიდევ ფრანკოს დიქტატურის დროიდან ამაყობს. ხალხი თამაშს სანახაობად აღიქვამს, უფრო პერფორმანსია, ვიდრე ომი და ბრძოლა. სტადიონზეც ეს განწყობა აქვთ.

თამაშამდე, ზედ სტადიონის წინ, რაიოს რამდენიმე ათეულკაციანი ულტრასები სტადიონის შიდა პერიმეტრზე იდგნენ, მღეროდნენ და ღრიალებდნენ. მათ მხოლოდ რამდენიმე კაცი იცავდა. ბარსას ათასობით გულშემატკივარი კი მათ გვერდზე ურეაქციოდ მოძრაობდა. არადა, მაგალითად, იტალიურ სტადიონებზე მეტოქის გულშემატკივრის სტადიონიდან მშვიდობიანად გაყვანა მინი სამხედრო ოპერაციაა ხოლმე.

პრემიერლიგა არასოდეს მინახავს, მაგრამ შედარებისთვის, იუვეს და ბაიერნის გულშემატკივარი უფრო აგრესიული, მომთხოვნი და ხმაურიანია. რაიოსთან ბარსას გულშემატკივრები სერიოზულად მხოლოდ მე-60 წუთის მერე აღელდნენ. მანამდე ხმაურს მხოლოდ ორი რამ იწვევდა - მსაჯი, რომელიც ბარსასკენ ნამდვილად არ იყო და რაიოს მეკარე, რომელსაც დრო ძალიან ურცხვად გაჰყავდა თამაშის პირველი წუთიდანვე.

რაიო ვალეკანო მებრძოლი და ორგანიზებული გუნდი ჩანდა, ფეხბურთი დიდი არაფერი, თუმცა ბარსასი ნამდვილად არ ეშინოდა. თამაში ბარსასი იყო, თუმცა კონტრშეტევებზე რაიოს რამდენჯერმე გოლის შეგდება და მატჩის მოგებაც შეეძლო.

ლევანდოვსკი რომ ამოვარდნილი იყო, ამაზე ზემოთ უკვე გითხარით. საერთოდ, ახალწვეულებს უჭირდათ. ბარსას სისტემა რომ სპეციფიკურია, ამაზე ყველას ბევრჯერ გვსმენია. ეს მოედანზეც ჩანდა - ახალწვეულები სხვანაირად ფიქრობდნენ, მოძრაობდნენ და თამაშობდნენ. კრისტენსენს შეტევის დაწყება უჭირდა და თითქოს ეშინოდა. მეეჭვება, დანიელმა კუნდეს კონკურენცია გაუწიოს. ფრანკ კესიე სხვებზე ნელა ფიქრობდა და იღებდა გადაწყვეტილებებს, რაფინია აქტიური და სწრაფი იყო, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დასრულება უჭირდა.

მათგან განსხვავებით, მაგალითად, პედრი თითქოს ავტომატზე, ბუნებრივად, ლაღად და მსუბუქად თამაშობს. ის და გავი მოედნის ცენტრში ერთად იდგნენ - პედრი გავისთან შედარებით პროფესორი ჩანდა. ლევანდოვსკიზე რომ ქალაქი უკვე შეყვარებულია, ესეც დავწერე. მათ გარდა, ხალხს ადგილობრივები პედრი და ანსუ ფატი უყვართ განსაკუთრებით.

ნულოვანი ფრის მიუხედავად, თამაში ცუდი საყურებელი არ ყოფილა - სტადიონზე მაინც. ‘კამპ ნოუს’ არნახვა არ შეიძლება. შედეგის მიუხედავად, ისტორიული არენაა - განსაკუთრებული სიდიადის განცდით და მასშტაბით.

კომენტარები

ბოლო ამბები