Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ითამაშებს, რომელიც 2017 წელს მოიგო
  • ილიას ზუროსის განკარგულებაში ათენში 15 კალათბურთელი იქნება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ათენში ჩავიდა, სადაც აკროპოლისის თასზე ითამაშებს. ეს არის ამხანაგური მატჩების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, რომელსაც 32-წლიანი ისტორია აქვს და საქართველო მასში მონაწილეობას მეორედ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ეს 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატის წინ მოხდა და მაშინ ილიას ზუროსის გუნდმა საბერძნეთთან, სერბეთთან და იტალიასთან კონკურენციაში აკროპოლისის თასის მოგება მოახერხა.

ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში აკროპოლისის თასზე შემდეგი 15 კალათბურთელი იქნება:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.

ნაკრებს გამოაკლდა მიხეილ ბერიშვილი და ლუკა მაზიაშვილი. ბერიშვილს მცირე ტრავმა აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიშს 20 აგვისტოდან თბილისში განაახლებს. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, სიახლე ისევ არაფერია - გოგა ამერიკაშია და ფეხზე მკურნალობას აგრძელებს.

საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებამდე ბოლო სპარინგები ელოდება
📸 | GBF.GE

საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტმა გიორგიოს ლიმნიატისმა გააკეთა:

"მგზავრობა არ იყო გრძელი, რადგან პირდაპირი რეისით ჩამოვფრინდით. ცუდი ის იყო, რომ ღამე მოგვიწია ფრენამ და ახლა ყველა გადაღლილია. მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ ამ ისტორიულ ტურნირში, რომელიც, მე როგორც ბერძენმა, ვიცი, რომ 32 წლისაა. ამ ტურნირში ყოველთვის საკმაოდ კარგი გუნდები მონაწილეობენ. განსაკუთრებით წელს, როცა იანის ანტეტოკუნმპო თამაშობს. საბერძნეთში სადღესასწაულო დღეებია და ათენი ცოტა დაცარიელებულია, მაგრამ მაინც ბევრი მაყურებელი მოვა ამ სამი დღის განმავლობაში. მოგვეცემა ჩვენი გუნდის თამაშის გაუმჯობესების შანსი და საშუალება, მოვემზადოთ მომავალი ევრობასკეტისა და მსოფლიოს შესარჩევი მატჩებისთვის".

საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს და მისი მეტოქეები მასპინძელი საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან. კალენდარი კი ასეთია:

საქართველო V თურქეთი (17 აგვისტო, 19:00 საათი)
საქართველო
V საბერძნეთი (18 აგვისტო, 22:00 საათი)
საქართველო
V პოლონეთი (19 აგვისტო, 19:00)

საქართველოს ნაკრებს 24 და 27 აგვისტოს, შესაბამისად, ნიდერლანდებსა და იტალიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის, 1 სექტემბრიდან კი სტარტს ევროპის პირველობაც აიღებს, რომლის პირველი ეტაპის A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ზუროსის გუნდმა ორჯერ უნგრეთთან და ორჯერაც ისრაელთან ტესტ-მატჩები წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები