- იუვე 3:0 სასუოლო | გოლები: 1:0 დი მარია (26), 2:0 ვლაჰოვიჩი (43. პენ), 3:0 ვლაჰოვიჩი (51)
- მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო, თუმცა ცუდი ამბავიც მოხდა
სერია A-ს პირველი ტური, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გამოდგა, ტურინში, იუვენტუსისა და სასუოლოს მატჩით დასრულდა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კარგად დაიწყო და იოლად მოიგო - 3:0. იუვეს არც კარისკენ და არც კარში დარტყმებით უჯობნია მეტოქისთვის, მაგრამ ეს ალეგრის გუნდებს ახასიათებთ - გათამაშებს, მაგრამ მოგებული თვითონ რჩება.
ახლაც ასე იყო, ტურინულ გრანდს უფრო მაღალი კლასი ეტყობოდა, ვიდრე მეტოქეს. ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა ანხელ დი მარიაც. არგენტინელს დიდებული დებიუტი ჰქონდა - ბრწყინვალე გოლით და საგოლე პასით. სწორედ 34 წლის შემტევმა გახსნა ანგარიში, როცა ცაციათი, მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი კარში, ხოლო მე-2 ტაიმის სტარტზე დუშან ვლაჰოვიჩს დაეხმარა გატანაში. სერბმა მანამდე პირველი ტაიმის მიწურულს თავისივე გამომუშავებული პენალტი შეაგდო და სეზონი დუბლით გახსნა.
იუვესთვის თამაში იდეალური მაინც არ ყოფილა: დი მარიამ ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ ტურინელთა ბანაკში შეშფოთებული არიან, რაც ბუნებრივია - აშკარაა, რომ ანხელი ახალი იუვენტუსისთვის დიდი ძალა იქნება.
"ბებერი ქალბატონი" მე-2 ტურში სტუმრად გენუის სამპდორიას შეხვდება. ეს 22 აგვისტოს მოხდება და როგორც პირველი, მეორე ტურიც ტურინელთა თამაშით დაიხურება.
საინტერესო ფაქტები
⚽ სერია A-ს ისტორიაში მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პირველ ტურში ფრე არ დაფიქსირდა. მანამდე იგივე მოხდა 1933/34, 1934/35 და 1971/72 წლების სეზონებში.
⚽ სერია A-ს ისტორიაში პირველად, გასული სეზონის მოწინავე 8 გუნდმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
⚽ მას შემდეგ, რაც იუვენტუსში გადავიდა, დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ ლაუტარო მარტინესსა (13) და ჩირო იმობილეს (12) აქვთ ამ პერიოდში უკეთესი შედეგი.
⚽ ანხელ დი მარია მე-5 არგენტინელია (არ ითვლება ორიუნდები), რომელმაც ამ საუკუნეში იუვეს მაისურით გოლი გაიტანა კარლოს ტევესის, რობერტო პერეირას, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის შემდეგ.
იუვენტუსი 3:0 სასუოლო
გოლები: 1:0 დი მარია (26), 2:0 ვლაჰოვიჩი (43. პენ), 3:0 ვლაჰოვიჩი (51)
იუვენტუსი (4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო (61. დე შილიო); ზაკარია, ლოკატელი (როველა 76.), მაკკენი (76. სულე); დი მარია (მირეტი 66), ვლაჰოვიჩი, კუადრადო (61. კოსტიჩი)
კომენტარები