Thumbnail

სერია A-ში წელს მესამე ქართველი ლეგიონერი შეიძლება ვიხილოთ. არის შანსი, ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილის (კრემონეზე) შემდეგ, იტალიის 2022/23 წლების ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძემაც ითამაშოს. 

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული მეცის თავდამსხმელის შესახებ საინტერესო ინფორმაციას DAZN Italia-ს ჟურნალისტი ორაციო აკომანდო ავრცელებს, რომელიც ტვიტერზე წერს, რომ 21 წლის თავდამსხმელი სერია A-ს კლუბებს - ლეჩესა და ტორინოს, ასევე თურქულ გალათასარაის შესთავაზეს.

აკამანდოზე დაყრდნობით, ინფორმაციას არაერთი იტალიური და თურქული წყარო ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია საფრანგეთში დაბადებული ქართველი ფეხბურთელის მიმართ დასახელებული კლუბების ინტერესი. ფაქტია, რომ მიქაუტაძემ ლიგა 2-ში სეზონი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს. გიორგი სამივე შეხვედრაში შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა (2 გოლი, 1 საგოლე პასი), მე-3 ტურში ვალანსიენთან მატჩში (2:0) გატანილი გოლისა და ეფექტური თამაშის წყალობით კი, სულაც ტურის ფეხბურთელად დაასახელეს. 

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს, რომლის მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები