- ნაპოლიში ხვიჩას დებიუტს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
- Gazzetta Dello Sport-ის სტატია 21 წლის ქართველ ფეხბურთელზე
- 'კვარაცხელია მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა' - რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
"ნაპოლი და K ფაქტორი: კვარამ უკვე ყველა დაიპყრო", - ასე იწყება Gazzetta Dello Sport-ის სტატია, რომელიც მაურიციო ნიჩიტას ეკუთვნის.
კვარაცხელიას დებიუტმა იტალიური მედია ნამდვილად აღაფრთოვანა და გამონაკლისი არც ყველაზე პოპულარული გაზეთი ყოფილა, სადაც 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნეს:
"თქვენ მშვიდად იყავით, საქმეს მე მივხედავ - ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გულშემატკივრებსა და მთლიანად ჩემპიონატს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა. ის იქნება აბსოლუტური გმირი. მესიჯი სადებიუტო გოლის აღნიშვნიდან მოდის, რომელიც სერია A-ში პირველ 37 წუთში გაიტანა. როგორც NBA-ს მოყვარულს, ხელები ლოყასთან მიაქვს და მძინარე ბავშვს განასახიერებს, ისევე, როგორც გოლდენ სტეიტის მოთამაშე სტეფ კარი. ეს ჟესტი ნიშნავდა: მშვიდად დაიძინეთ, აქ საქმეზე ჩვენ ვიზრუნებთ. და, სანამ გძინავთ, ტკბილ სიზმრებს ხედავთ, რადგან ნაპოლიმ სეზონი აფეთქებით დაიწყო და ვერონას 5 გოლი გაუტანა.
გოლეადა იქით იყოს და ერთი საათის განმავლობაში მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იყო. სწორედ ყველაზე რთულ მომენტებში კვარამ შექმნა განსხვავება, თავისი ხარისხით, მაგრამ ასევე ხასიათით. გოლი, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა, ქართველმა თავით გაიტანა, რომელიც მისი საუკეთესო მხარე არ არის. თუმცა, ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ 77-ე ნომერმა ოსიმენზე უკეთესი დრო შეარჩია, ნახტომის დროს მხრით მოიცილა თავისი მეურვე და გაიტანა. გოლი, რომელიც შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან ნაპოლის ახალი გარემარბი მანამდეც აქტიური იყო და საწყის ნახევარ საათში კარში ორჯერ დაარტყა. კვარამ არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ, მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა. მე-2 ტაიმის დასაწყისში ვერონამ გაათანაბრა, თუმცა შემდეგ მან შექმნა ისეთი ვერტიკალური დერეფანი, რომელსაც მხოლოდ ჩემპიონები ხედავენ. პასი ჟელინსკის, რომელმაც წინ გამოსულ მეკარეს რბილი დარტყმით დაასწრო. ნაპოლის ფეხბურთელებმა ეს გოლი თავიანთი გულშემატკივრების წინაშე იზეიმეს, ხოლო სპალეტი ტაშს უკრავდა და ამით აშკარად თავის ახალ მარცხენა გარემარბზე მიუთითებდა. დიახ, ძლიერია, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სერია A-ზე ასეთ გავლენას მოახდენდა, მხოლოდ 21 წლის ასაკში. თითქოს, ეს ბედისწერაა.
ტექნიკური უნარები სადავო არც აქამდე იყო, მაგრამ იტალიელი მცველების სიხისტე სერია A-ში მის თამაშზე კითხვებს მაინც აჩენდა. და, როდესაც მატჩის დასაწყისში ტამეზემ ორჯერ წაართვა ბურთი, შეიძლებოდა ახალგაზრდა დებიუტანტი ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო. სამაგიეროდ, ხვიჩა ჯიუტად მიდიოდა დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად და დაჯარიმების არ ეშინოდა. ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია. იმიტომ, რომ ტექნიკურმა ფეხბურთელებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თამაშის გარკვეულ მომენტებში ბრძოლა აუცილებელია.
"მისი გოლის შემდეგ კვარამ მითხრა, რომ ახლა შენ უნდა გაიტანოო და ასეც მოხდა. ის ახალგაზრდაა და მე ადაპტაციაში უნდა დავეხმარო", - თქვა მატჩის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა და ამ სიტყვებში პასუხისმგებლობა იგრძნობოდა. "მნიშვნელოვანი ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერები ვართ და გვინდა ეს დავამტკიცოთ", - დასძინა ნიგერიელმა. ყველაფერი კალიდუ კულიბალის ტოტემით დაიწყო, ახლა კი ნაპოლიში ხვიჩა (Khvicha) კვარაცხელიას მეშვეობით გრძელდება მომგებიანი K ფაქტორის არსებობა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, "სტადიო მარადონაზე" მონცას წინააღმდეგ გამართავს. კვარაცხელიას აქამდე ნეაპოლში არ უთამაშია, ამდენად, დებიუტი უკვე საშინაო არენაზე ექნება.
კომენტარები