- ილიას ზუროსის გუნდი აკროპოლისის თასზე გამოსასვლელად ემზადება
- საქართველოს ნაკრები ათენშია - 15 კალათბურთელით აკროპოლისის თასზე
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენის O.A.K.A.-ს დარბაზში, სადაც "აკროპოლისის თასის" მატჩები ჩატარდება, პირველი ვარჯიში გამართა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ილიას ზუროსის გუნდმა საათნახევრის მანძილზე ივარჯიშა დარბაზში, რომელიც 18 000 მაყურებელს იტევს და როგორც ვარაუდობენ, საბერძნეთის ნაკრების თამაშებისას, სავსე იქნება.
მოლოდინის მიზეზი ორი კვირის წინ გამართული მატჩია, რომელშიც ბერძნებმა OAKA-ში ესპანეთს უმასპინძლეს. ათენელებმა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი ბოლომდე გაავსეს, რათა მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავის, NBA-ს ორგზის MVP-ის, იანის ანტეტოკუნმპოს სამშობლოში თამაში ენახათ.
საქართველოს ნაკრები მასპინძელ საბერძნეთს 18 აგვისტოს ეთამაშება, მანამდე კი 17-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო 19 აგვისტოს ტურნირს პოლონეთთან მატჩით დაასრულებს.
ათენში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, ანატოლი ბოისამ და მილოშ გლიგორიევიჩმა ისაუბრეს.
ანატოლი ბოისა (ნაკრების მწვრთნელი): "მგზავრობის შემდეგ, უფრო აღდგენითი სახის ვარჯიში იყო. რა თქმა უნდა, წინა თამაშებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ - როგორც გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა".
მილოშ გლიგორიევიჩი (ნაკრების მწვრთნელი): "ზოგადად, ბევრი დრო არ გვაქვს სავარჯიშოდ და ეს შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, კარგი ვარჯიში იყო. შეტევასა და დაცვაში ხუთი-ხუთზე ბევრი სიტუაცია და რამდენიმე ახალი შეტევითი კომპონენტი დავამუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში მგზავრობის დღეს ჩატარდა და ბიჭები დაღლილები იყვნენ, მაინც შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ".
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ტრადიციული ოთხთა ტურნირი ილიას ზუროსის გუნდმა 2017 წლის ევრობასკეტის წინ მოიგო, როცა საბერძნეთი (72:71) და სერბეთი (68:66) დაამარცხა. ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა იმის მიუხედავად, რომ ბოლო ტურში იტალიასთან დამარცხდა - 65:73.
საქართველოს ნაკრებს 24 და 27 აგვისტოს, შესაბამისად, ნიდერლანდებსა და იტალიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის, 1 სექტემბრიდან კი სტარტს ევროპის პირველობაც აიღებს, რომლის პირველი ეტაპის A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ზუროსის გუნდმა ორჯერ უნგრეთთან და ორჯერაც ისრაელთან ტესტმატჩები წააგო.
კომენტარები