Thumbnail

იტალიის ნაკრებისა და რომას ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ს (კრისტიან ვიერის არხი) ეთერში ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი 21 წლის ქართველი შემტევის თამაშით მოხიბლული დარჩა.

"არ ვიცი, ნახე თუ არა ეს გოლი 'ბობო' (მიმართავს კრისტიან ვიერის - რედ). ნახე ლელე (ამჯერად დანიელე ადანის მიმართავს - რედ), რა გოლი გაიტანა. შთამბეჭდავად ჭკვიანურად ითამაშა. წავიდა ასახტომად ოსიმენის უკნიდან, ჟელინსკის გოლზეც რა პასი გააკეთა. კვარაცხელია ბიჭებო, საოცარია. ინსინიესა და კვარაცხელიას შორის განსხვავება აშკარაა: ლორენცო წინ და უკან მოძრაობდა, ქართველი კი შეტევის ფაზაში პრაქტიკულად მეორე თავდამსხმელია. ვერონასთან თავური დარტყმით გატანილი გოლი ამტკიცებს, რომ ეს ბიჭი გენიალურია", - აღნიშნა კასანომ.

იტალიელმა შემდეგ ლუჩანო სპალეტიც შეაქო: "სპალეტი გენიოსია. მე ვერ ვხვდები, როგორ თამაშობს გუნდი ასე კარგად, როცა ოსპინა, ინსინიე, კულიბალი და მერტენსი დაკარგა, ფაბიან რუისს თამაში აღარ უნდა, მერეტზეც ამდენი კითხვაა გაჩენილი. ნაპოლი ამ სეზონში არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი ბრწყინვალე გამოვიდა - ქართველმა ვერონასთან გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. 21 აგვისტოს,ნაპოლი მონცას უმასპინძლებს და ხვიჩას ამჯერად დებიუტი "სტადიო მარადონაზე" ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები