- Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე კიდევ ერთხელ დაწერა
- ქართველ ფეხბურთელს დე ლაურენტისის ერაში საუკეთესო დებიუტი ჰქონდა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა და სერია A-ში შთამბეჭდავმა დებიუტმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაამძაფრა.
კვარამ "სტადიო ბენტეგოდიზე" ვერონასთან გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მას შემდეგ, რაც ნაპოლის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია (მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან), ნაპოლიში არცერთ დებიუტანტ ფეხბურთელს გოლთან ერთად საგოლე პასიც არ მიუთვლია. კვარას დებიუტი ჰქონდა იმ სტადიონზე, სადაც ნაპოლის მაისურით პირველად დიეგო არმანდო მარადონამაც ითამაშა. სწორედ ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport წერს:
"პირველ შეხვედრაში ის მარადონაზე უკეთესი იყო. მკრეხელობაში ნუ ჩაგვითვლით, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი სერია A-ში ვერონას წინააღმდეგ "ბენტეგოდიზე" შედგა, ისევე, როგორც დიეგოს დებიუტი 1984 წლის სექტემბერში. მაშინ არგენტინელი ბრიგელმა გაანეიტრალა და ნაპოლიმ წააგო გუნდთან, რომელმაც იმ სეზონში ოსვალდო ბანიოლის ხელმძღვანელობით სკუდეტო მოიგო. შეფასებათა სასწორი დღეს განსხვავებულია და ქართველმა დებიუტი გოლით და საგოლე პასით აღნიშნა, ის გადამწყვეტი იყო "აძურის" გამარჯვებაში. მოკლედ, ის კვარადონა, რითაც ნეაპოლში მონათლეს, უკვე იწყებს სარგებლის მოტანას.
ცეცხლოვან ქართველს "აძურის" რიგებში პირველი 40 დღე კარგი ჰქონდა, მაგრამ იგივე გულშემატკივრები, რომლებიც მას ძალიან კარგად შეხვდნენ, ასეთ მნიშვნელოვან სტარტს მაინც არ ელოდნენ. იტალიის ჩემპიონატის ნათლობის მატჩში 68 წუთი ითამაშა: გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი, ორი საგოლე მომენტიც შექმნა, ოთხჯერ საჯარიმოში ჩააწოდა და ამდენჯერვე დაარტყა. მოკლედ, აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა 21 წლის ქართველმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნა და სულაც არ იყო დაბნეული.
შესაძლოა, ცოტა ემოცია ეტყობოდა და ლუჩანო სპალეტიმაც განმარტა: "როდესაც შევცვალე, დებიუტით გამოწვეული მღელვარებისგან კუნთები დაჭიმული ჰქონდა. თუმცა, ნაპოლიში დებიუტი ასეთია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრად უკეთ თამაში შეუძლია".

მწვრთნელს სამართლიანად არ სურს თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელების წნეხში მოქცევა, თანაც ორშაბათს კარგი დღე იყო. ვერონა შორს იყო იმ გუნდისგან, რომელმაც ბოლო ორ სეზონში ნაპოლის ბევრი მნიშვნელოვანი ქულა წაართვა. კვარამ კი გამოავლინა ხასიათი, რადგან როცა პირველ დრიბლინგებში ბურთი დაკარგა, მის დასაბრუნებლად მეტოქეს გაჰყვა. უშიშრად ცდილობდა გოლის გატანას და თავით მოახერხა კიდეც, რაც მის მთავარ თვისებებში არ შედის. საგოლე პასის დროს დაინახა დერეფანი, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული მოთამაშეები ამჩნევენ, იშვიათი სილამაზის და ხარისხის პასი გააკეთა.
დე ლაურენტისის ეპოქაში არცერთ ახალწვეულს არ ჰქონია ნაპოლიში დებიუტი გოლით და საგოლე პასით. კვარამ ისეთ ფეხბურთელებს აჯობა ამ კუთხით, როგორებიც კავანი და კალეხონი არიან, რომლებმაც "აძურიში" სადებიუტო თამაშში გაიტანეს (ასევე დე გუზმანმა), მაგრამ საგოლე პასი არ გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ერთი მატჩი შესაფასებლად ცოტაა, თუმცა კვარას რაც შეუძლია, უკვე ჩანს. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ტიფოზების გაღვივება და მათი ოცნებების ახდენა, როგორც ეს გოლის დროს "მძინარე" აღტაცებით აღნიშნა. იმიტომ, რომ ოცნება დახუჭული თვალებით ხდება".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი ბრწყინვალე გამოვიდა - ქართველმა ვერონასთან გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. 21 აგვისტოს, ნაპოლი მონცას უმასპინძლებს და ხვიჩას ამჯერად დებიუტი "სტადიო მარადონაზე" ექნება.
კომენტარები