Thumbnail

რიგით 31-ე აკროპოლისის თასი საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტ და ჯგუფში უშუალო მეტოქე თურქეთის ნაკრებთან მარცხით დაიწყო - 88:101. 

ილიას ზუროსის გუნდმა თამაში ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ პირველი მეოთხედის შემდეგ, დანარჩენი სამი დათმო და საბოლოოდ 13-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია - 20 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 24). გიორგი შერმადინის ანგარიშზე 18 ქულაა, სანდრო მამუკელაშვილმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 14 მოხსნა. თად მაკფადენი 12 ქულას დასჯერდა. თურქეთის ნაკრებში საუკეთესო კავალიერსის ფორვარდი სედი ოსმანი იყო - 22 ქულით. 

სანდრო მამუკელაშვილმა ორივე ფარზე ბრწყინვალედ ითამაშა

ილიას ზუროსმა ასეთი სასტარტო ხუთეული დააყენა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი და შერმადინი. ანგარიში გიორგი შერმადინის ორქულიანით გაიხსნა. სტარტი აშკარად ზუროსის გუნდის იყო, მას მერე, რაც შენგელიამ თურქეთის ნაკრების კალათში კიდევ ერთხელ ჩააგდო და ანგარიში 11:3 გახდა, მეტოქის მწვრთნელმა პირველი წუთშესვენება აიღო. ამან სიტუაცია ვერ შეცვალა, მაკფადენის პასს შერმადინის "ენდ ვანი" მოჰყვა - 14:5. პირველ მეოთხედში გამორჩეული მომენტი იყო, როცა მაკფადენმა ლარკინს დაასწრო და სამქულიანი ჩააგდო - 20:11. ოსმანის კონტრშეტევის შემდეგ თურქეთის ნაკრებმა 4-ქულამდე დაიყვანა სხვაობა, რასაც ილიას ზუროსის პირველი წუთშესვენება მოჰყვა. მეოთხედის ბოლო წამებზე მამუკელაშვილის აქტიურობის წყალობით ისევ გაიზარდა სხვაობა, ნაკრებმა პირველი მეოთხედი 6 ქულის სხვაობით მოიგო. 

მეორე მეოთხედი მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვით დაიწყო, რასაც მისივე სამქულიანი მოჰყვა. თურქებმა ტუნჯერის სამქულიანით შეძლეს გათანაბრება - 31:31. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თურქეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა. თუმცა შემდეგ ზუროსის გუნდში რაღაც მოიშალა და მეტოქემ სამქულიანებით მოიპოვა უპირატესობა. ზუროსის გუნდიდან პასუხი შერმადინის 2 ქულა, მისივე დაფარება და შენგელიას ჩატენვა იყო - 39:41. წუთშესვენების შემდეგ კორკმაზმა სამქულიანი ჩააგდო. მაკფადენის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 44:48 გახდა და ბოლო წამებზე ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ტაიმი ანდრონიკაშვილის ორქულიანით დასრულდა - 46:48.

დიმიტრის იტუდისი და მაიკ ბუდენჰოლცერი მატჩზე

I ტაიმში 11-11 ქულა ჩააგდეს მაკფადენმა და შერმადინმა, ხოლო 9-9 - მამუკელაშვილმა და შენგელიამ. მოხსნებით საუკეთესო მამუკელაშვილი იყო - 6. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ჯინჭარაძემ, რომელმაც თამაში ვეღარ გააგრძელა. თურქების რიგებში  9 ქულა შენგიუნის ანგარიშზეა, კორკმაზმა 7 ქულა ჩააგდო, ისევე, როგორც ბიტიმმა. 

მესამე მეოთხედში თორნიკე შენგელიამ შეძლო გათანაბრება - 51:51. მეოთხედის დასრულებამდე 2.5 წუთით ადრე ოსმანის სამქულიანის შემდეგ თურქეთის ნაკრები 11 ქულის სხვაობით დაწინაურდა. მეოთხედი 75:66 დასრულდა თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ. 

ალფერენ შენგიუნმა 17 ქულა ჩააგდო

ბოლო მეოთხედი თანაბარი ბრძოლით დაიწყო, თუმცა ზუროსის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა მეტოქის სამქულიანებს. ბექა ბურჯანაძემ პირველი სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 75:82 გახდა. დუდა სანაძს სამქულიანის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე დავიდა. ნაკრების კაპიტნის საჯარიმოს შემდეგ ანგარიში სულაც 85:88 გახდა. სამწუხაროდ, შენგელიას დაკარგვის შემდეგ შენგიუნმა კონტრშეტევაზე ჩააგდო, თანაც მსაჯს მამუკელაშვილი დააჯარიმებინა. ოსმანის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 10-ქულიანი გახდა. ბოლო წუთებზე ორივე გუნდის კალათბურთელები ძირითადად არაზუსტად ისროდნენ კალათში. საბოლოოდ მეტოქემ 13 ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 88:101. 

18 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ მატჩში მეტოქეს არ ეყოლება სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ილიას ზუროსის გუნდმა 2017 წელს, ევრობასკეტის წინ მოიგო.

საქართველო 88:101 თურქეთი

საქართველო:
შენგელია - 20 ქ, 5 მ, 6 პ
შერმადინი - 18 ქ, 4 მ, 2 პ
მამუკელაშვილი - 16 ქ, 14 მ, 2 დ
მაკფადენი - 12 ქ, 1 მ, 3 პ
ბურჯანაძე - 8 ქ, 6 მ, 2 პ
სანაძე - 6 ქ
ანდრონიკაშვილი - 6 ქ
ცინცაძე - 2 ქ, 2 პ
ჯინჭარაძე - 0 ქ
ბოქოლიშვილი - 0 ქ, 3 პ
ბექაური - 0 ქ
ბაქრაძე, ლონდარიძე, კორსანტია - არ უთამაშიათ

კომენტარები

ბოლო ამბები