Thumbnail

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისა და ევრობასკეტისთვის ემზადება, საბერძნეთში, ტრადიციულ ტურნირში "აკროპოლისის თასზე" გამოსვლა თურქეთის ნაკრებთან წაგებით დაიწყო - 88:101. 

თამაშის შემდეგ მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ილიას ზუროსმა და ერგინ ატამანმა მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რაღაც პერიოდებში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ პრობლემები გვაქვს დაცვაში. ჩვენ დავუპირისპირდით ძალიან მაღალი დონის გუნდს, მაგრამ დაცვაში ასე არ უნდა ვთამაშობდეთ. საკმაოდ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ევრობასკეტს მზადყოფნაში შევხვდეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ. ხარისხობრივად თურქეთი უკეთესი გუნდია. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მოგებისთვის გავდივართ, თურქეთსა და ესპანეთთან მატჩები კი ჩვენთვის ბონუსია".

ერგინ ატამანი (თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მესამე მეოთხედის დაწყებასთან ერთად, პრესინგი მოვუმატეთ და აგრესიულად თამაში დავიწყეთ. ვაკონტროლებდით ფარქვეშ სიტუაციას. ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი თამაში გამოვიდა. ვნახეთ, რა მდგომარეობაში ვართ. ამ საღამოს ზოგიერთი ჩვენი კალათბურთელის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, მაგრამ  მნიშვნელოვანი იყო ევრობასკეტის წინ მათი ნახვა. საქართველო დიდი გუნდია. ბრწყინვალედ ითამაშეს შერმადინმა და შენგელიამ".

საქართველოს ნაკრები "აკროპოლისის თასზე" მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს, მასპინძელ საბერძნეთთან ჩაატარებს, ტურნირზე გამოსვლას კი 19-ში, პოლონეთთან შეხვედრით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები