Thumbnail

საქართველოს ნაკრები ათენში იმყოფება, სადაც აკროპოლისის თასზე მონაწილეობს. BasketNews-მა ნაკრებისა და მილუოკი ბაკსის ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სანდრომ თურქეთთან მატჩში 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, თუმცა ტერფის ტრავმის გამო მას დღეს არ უვარჯიშია. საბედნიეროდ, საბერძნეთთან თამაშს ის მაინც შეძლებს. 

სანდრო მამუკელაშვილმა თურქეთთან მატჩში 16 ქულა, 14 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა

...ბერძნული კალათბურთის ლეგენდა ნიკოს გალისზე: "ნიკოს გალისზე გამიგია, თუმცა არ ვიცოდი თუ ასეთი დიდი კალათბურთელი იყო. იანისი მასზე ხშირად ლაპარაკობს. გალისზე მეტი უნდა მცოდნოდა. ის ხომ ბერძნული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე იყო და თან, სეტონ ჰოლის კოლეჯში თამაშობდა ჩემსავით. იანისს ვუთხარი, რომ ერთხელ წავიდეთ სეტონ ჰოლის თამაშზე, იქ გალისი ყველას ძალიან უყვარს".

...კოლეჯის და ამერიკის არჩევაზე: "იტალიაში თამაშისას ბევრი შემოთავაზება მქონდა, ორი მათგანი ევროლიგის კლუბებიდან, მაგრამ ჩემს ოჯახში განათლებას ძალიან აფასებენ და გადაწყდა ჩემი კოლეჯში წასვლა. ბიელა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, იმ პერიოდის გახსენება ახლაც მიყვარს".

ახალ სეზონში მილუოკიში როლი გაეზრდება

...NBA-ში დებიუტზე: "ეს ფანტასტიკური იყო - დრაფტის მეორე წრის ბოლოს არჩეულს, იმედი არ მქონდა, რომ შანსი ასე მალე მომეცემოდა. ვფიქრობ, რომ ბაკსში მენდობიან და ყოველთვის ასე იყო. ისინი ყოველთვის მაძლევენ შანსს, წინ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ მე ვსწავლობ და ვვითარდები".

...საზაფხულო ლიგაში გაბრწყინების გამო, მილუოკიში გაზრდილ შანსებზე: "იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ბაკსი საჩემპიონო გუნდია, ის ყოველ სეზონში ფანტასტიკურია. ჩემი მხრიდან, ბევრს ვიშრომებ, რომ სხვებს არ ჩამოვრჩე. მწვრთნელის ყოველ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".

...მაიკ ბუდენჰოლცერზე, რომელიც ასევე ათენშია: "მწვრთნელმა მითხრა, რომ ზაფხულის ლიგაზე ჩემი ყველა თამაში ნახა. მან მითხრა, რომ ბრწყინვალედ ვითამაშე და რომ NBA-ს ძალიან კარგი კალათბურთელი ვარ, რომ ეს უნდა დავიჯერო. მას ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. მისი სურვილია, თვითრწმენა არასდროს დავკარგო". 

...ახალ სეზონზე: "იმედი მაქვს, რომ ბევრად უკეთ ვითამაშებ და კარგი სეზონი მექნება. ეს ჩემი მიზანია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდე, ბაკსში ჩემი სჯერათ. ასე რომ, იმედი მაქვს, ერთ-ერთი იმათგანი ვიქნები, ვისაც ბევრად უკეთესი სეზონი ექნება".

...მილუოკი ბაკსზე: "ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ორგანიზაციაა მსოფლიოში. როცა გაიგეს, რომ ნაკრებში მივდიოდი, გენერალურმა მენეჯერმა ჯოშ ჰორსტმა ჩემთან ლაპარაკის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნაკრებში მწვრთნელი ჯეკ ჰერუმი წამომყვებოდა. ჯეკი საოცრად მეხმარება, ჩვენ დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით".

სანდროს მიაჩნია, რომ ნაკრებს ევრობასკეტის მოგება შეუძლია

...ეროვნულ ნაკრებზე: "მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას წარვადგენ. 15-16 წლის შემდეგ ევროპაში ბევრი არ მითამაშია. ასე რომ, ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის დიდ სხვაობას ვხედავ. უნდა გადავეწყო, სულ სხვა სტილია, ტაქტიკა. ახლა ვეძებ გზას, ვიპოვო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ნაკრებისთვის და დავეხმარო გუნდს".

...თურქეთთან მატჩზე: "თურქეთი ჩვენს ჯგუფშია და ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ტურნირზე გამოჩნდება, რამდენად კარგად შეგვიძლია თამაში, რამდენად მზად ვართ ევრობასკეტისთვის, როგორ უნდა განვითარდეთ".

...ევრობასკეტზე მონაწილე NBA-ს მოთამაშეებზე: "იანისი ითამაშებს და ეს უკვე დიდებულია. თურქეთს ჰყავს კორკმაზი, ოსმანი და შენგიუნი. ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ".

...საქართველოს ნაკრებზე: "საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს მოიგებს. არა, მართლა ვფიქრობ, რომ დიდებული გუნდი გვყავს, შესანიშნავი კალათბურთელები. თუ ერთ "ტალღაზე" ვიქნებით, ნაკრებში ყველაფერი კარგად იქნება.თურქეთიც კარგი გუნდია და საბერძნეთიც".   

კომენტარები

ბოლო ამბები