Thumbnail

იტალიის ნაკრებისა და ტორინოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ნაპოლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო თამაში შეაფასა. გამოცდილმა სპეციალისტმა გოლზე მეტად ყურადღება საგოლე პასზე გაამახვილა და თქვა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება იყო.

"კვარაცხელიამ ვერონასთან ხარისხი აჩვენა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააკეთა, ჟელინსკიზე საგოლე პასი იყო, მან თანაგუნდელი კართან იდეალურ დროს დატოვა. დრო უნდა მივცეთ მოთამაშეს, რომელიც არ იცნობს იტალიის ჩემპიონატს, მაგრამ ნიშნები ძალიან დადებითია", - აღნიშნა ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ვერონასთან გოლიც გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აურელიო დე ლაურენტისის ერაში ნაპოლის მაისურით სერია A-ს სადებიუტო თამაშში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 21 აგვისტოს, მონცას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ჯამპიერო ვენტურა იტალიის ნაკრებს 2016-2017 წლებში ავარჯიშებდა, თუმცა, "სკუადრა აძურაში" სრული ფიასკო განიცადა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები