Thumbnail

ზელენსკის 'დიდი კვერცხები' აქვს - ოლეკსანდრ უსიკი პუტინთან ომზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკრაინელი პროფესიონალი მოკრივე ოლეკსანდრ უსიკი ჯიდაში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) იმყოფება, სადაც მატჩ-რევანშს ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან გამართავს. სუპერმძიმე წონაში WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონი, რომლის სამშობლოში რუსეთს ომი აქვს გაჩაღებული, Evening Standard-ს ოჯახზე, უკრაინელი ხალხის ბრძოლასა და ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის როლზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელ მოკრივეს თავის ცოლ-შვილთან გარკვეული ხნით განშორება მოუხდა.  

"უკრაინა ერთად დავტოვეთ, მაგრამ ევროპაში ჩვენი გზები გაიყო. ჩემმა ქალიშვილმა დამშვიდობებისას თავისი საყვარელი რბილი სათამაშო გადმომცა და მითხრა: "ეს მუდამ თან უნდა გქონდეს”. სათამაშოს ჩემთან "სძინავს" და ყველგან დამაქვს", - ამბობს ოლეკსანდრი, რომელიც მეუღლე ეკატერინას ჯიდაში კი შეხვდა, მაგრამ შვილების მონახულებას აქამდე ვერ ახერხებს.

უკრაინელ მოკრივეს შვილის სათამაშო ყველგან თან დააქვს

"შვილები მენატრებიან, რომლებიც თითქმის ნახევარი წელიწადია არ მინახავს. მინდა ვნახო დედაჩემი. ამჟამად ისინი ყველანი ევროპაში იმყოფებიან, - ამბობს მოკრივე. - მსურს ჩავეხუტო მათ, მათთან ერთად ვივახშმო. ამის შემდეგ კიევში დავბრუნდები". 

აღსანიშნავია, რომ უსიკისა და ჯოშუას მატჩ-რევანშს უკრაინაში უფასოდ აჩვენებენ. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკრივეს დაპირდა, რომ ბრძოლას უყურებს და მას უგულშემატკივრებს.

"პრეზიდენტის მხარდაჭერა არამხოლოდ მე, მთელ ქვეყანას აქვს, - ამბობს უსიკი. - როდესაც რუსეთი შემოიჭრა, პრეზიდენტი არ გაიქცა. როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია გვქონდა მე და ჩემნაირ ადამიანებს ამაზე? ყველა მიხვდა, რომ მას დიდი კვერცხები აქვს და ყველა უნდა დავდგეთ ჩვენი ლიდერის გვერდით და ვიბრძოლოთ". 

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა უსიკმა ჯიდაში 'ЧЕРВОНА КАЛИНА' წაიმღერა

სუპერმძიმე წონაში WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონის ოლეკსანდრ უსიკისა (19-0) და ენტონი ჯოშუას (26-2) დაპირისპირება 20 აგვისტოს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება. პირველ შეხვედრაში, რომელიც შარშან სექტემბერში, ლონდონში ჩატარდა, უკრაინელმა ბრიტანელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები