Thumbnail
  • რეალი მანჩესტერ იუნაიტედის შეთავაზებას ალბათ დღესვე დათანხმდება
  • ბრაზილიელს მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

დე იონგი? რაბიო? კაზემირო!

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში მალე გაოფიციალურდება. თითქმის ყველა ინგლისური და ესპანური გამოცემა წერს, რომ კაზემირომ რეალის ხელმძღვანელებს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა და მას ინგლისში დღესვე ელოდებიან. 

როგორც ირკვევა, 30 წლის ბრაზილიელი და ინგლისური გრანდი 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელსაც ვადა 2026 წლამდე ექნება. შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც. ამის შესახებ The Athletic და Marca წერენ.

რაც შეეხება ფასს: იუნაიტედი რეალს დაახლოებით 60 მილიონ ევროს გადაუხდის. ბონუსების სახით, მომავალში მადრიდულმა გრანდმა შეიძლება კიდევ 10 მილიონი მიიღოს. 

მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ხანია, ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს. იყო საუბრები და მოლაპარაკებები ფრენკი დე იონგზე (ბარსელონა), ასევე ადრიან რაბიოზე (იუვენტუსი). 

კაზემიროს ბრაზილიის ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული. მის კონტრაქტს რეალთან ვადა 2025 წლამდე ჰქონდა. ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი რეალში 2013 წლიდან თამაშობს - 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი სეზონი საშინლად დაიწყო და 2 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა.

რეალის წარმოდგენა კაზემიროს გარეშე ადვილი არ არის…

კომენტარები

ბოლო ამბები