- 📅 21 აგვისტო | 🏟 საუდის არაბეთი | ⌚ 01:30 | 👊 ოლეკსანდრ უსიკი V ენტონი ჯოშუა
- ოტო ვალინმა უკრაინელისა და უელსელის რემატჩის პრევიუ შემოგვთავაზა
- 31 წლის მოკრივე მიიჩნევს, რომ უსიკი ჯოშუასთვის ზედმეტად ძლიერია
- ზელენსკის 'დიდი კვერცხები' აქვს - ოლეკსანდრ უსიკი პუტინთან ომზე
შვედმა მძიმეწონოსანმა მოკრივე ოტო ვალინმა The Atheltic-ზე ენტონი ჯოშუასა და ოლეკსანდრ უსიკის მოახლებული რემატჩის წინ ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი და მომავალი მატჩები განიხილა.
შვედისთვის, რომელმაც კარიერაში მხოლოდ ერთხელ (ტაისონ ფიურისთან, მსაჯების გადაწყვეტილები) წააგო, 21 აგვისტოს გასამართი ბრძოლის ფავორიტი უკრაინელი მოკრივეა.
…პირველ ჩხუბზე: "ენტონი ჯოშუა კუბრატ პულევისა და ენდი რუისის დანოკაუტების შემდეგ, გასულ სექტემბერში, ოლეკსანდრ უსიკის წინააღმდეგ რინგზე ფავორიტად შევიდა. უკრაინელს მძიმე წონაში მხოლოდ 2 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული - დერეკ ჩისორასა და ჩაზ უაიზერსპუნს კი მოუგო, მაგრამ საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად მისი კრივი საკმარისი არ ჩანდა. თუმცა, ლონდონში, ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონზე უკრაინელმა დაამტკიცა, რომ ყველა კომპონენტში უელსელზე გაცილებით უკეთესი მოკრივეა და ოლიმპიური ჩემპიონი უშანსოდ დაამარცხა. ჯოშუას ადგილზე რომ ვიყო, უსიკთან რემატჩს ახლა არ ავიღებდი, თუმცა ენტონის ქამრების დაბრუნება სურს, რაც შარშანდელი ბრძოლის გათვალისწინებით, ძალიან გაუჭირდება. ოლეკსანდრმა მეტოქეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, ისე ჩანდა, რომ ჯოშუა გადარჩენისთვის ჩხუბობდა და ერთადერთი მიზანი ის ჰქონდა, რომ ნოკაუტით არ წაეგო."
'მასთან მოსაგებად აგრესიული უნდა იყო, გარისკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრობლემოდ დაგამარცხებს'
…საკრივო ჭეშმარიტებაზე: "კრივში და განსაკუთრებით მძიმე წონაში, კარგი დაცვის ქონა აუცილებელია, მაგრამ გამორიცხულია, დარტყმები არ მიიღო. ამისთვის მზად უნდა იყო და პასუხიც მომზადებული გქონდეს. შეუძლებელია, არწაგებისთვის იჩხუბო, რინგზე მოსაგებად უნდა გახვიდე და ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა. როცა უსიკის მსგავს ბიჭს ებრძვი, შეუძლებელია, მისი მხოლოდ დაცვითა და რისკების შემცირებით დამარცხება. მასთან მოსაგებად აგრესიული უნდა იყო, გარისკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრობლემოდ დაგამარცხებს."

…უელსელის შეცდომაზე: "პირველ ჩხუბში ჯოშუას ყველაზე დიდი შეცდომა ის გახლდათ, რომ საკუთარ დაცვას ზედმეტად ენდო. ენტონი სხეულის ზომასა და ძალას არ იყენებდა, არადა, ეს კარგად გამოსდის. უსიკი პირიქით, რინგზე ისეთი იყო, როგორიც არის. მას ბრწყინვალე ფუთვორქი აქვს, წელის ზემოთ კარგად მოძრაობს და უმაღლესი საკრივო IQ გააჩნია. პირველივე რაუნდში მარცხენა გაუტარა და ჯოშუას უკან დაახევინა. ენტონის მსგავსი მოკრივისათვის ძალიან ძნელია, სცადო შეტევა, როცა ყოველი მცდელობის შემდეგ პასუხად ძლიერ დარტყმებს იღებ."

…რა უნდა შეცვალოს ჯოშუამ: "მომავალი ბრძოლის წინ ენტონიმ, პირველ რიგში, თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს. როცა ჩემპიონი იყო, ყველას უყვარდა, მეტოქეებს ანოკაუტებდა, მაგრამ დაიწყო წაგებები და ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა. მიწაზე დანარცხება ყველასთვის რთული მისაღებია. მგონია, რომ ენტონი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ რას ფიქრობს ხალხი მასზე. უბრალოდ, უნდა მოეშვას და ის გახდეს, ვინც იყო. უშუალოდ რინგზე კი მეტი აგრესიულობა უნდა აჩვენოს. დიდი ბიჭია, ძლიერი, კარგი დარტყმა აქვს, ცენტრის მოპოვება უნდა სცადოს და მაქსიმალურად იმუშაოს, რათა უსიკს უკან დაახევინოს. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ სხვანაირად ოლეკსანდრს ვერ დაამარცხებს. არაა აუცილებელი, უსიკის თავის მიზანში ამოღება. შეუძლია, დარტყმები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიაყენოს, სადაც შეძლებს. ბევრი დარტყმა უსიკს მცირედით მაინც შეანელებს და ფეხებით სტანდარტულად კარგად ვეღარ იმოძრავებს."

…ბრძოლის პროგნოზი: "ჯოშუა უსიკზე უკეთესი მოკრივე ვერასდროს გახდება. ამიტომ, ის კომპონენტები უნდა გამოიყენოს, რაშიც მეტოქეს ჯობს. ეს ძალა და ზომებში უპირატესობაა. მაგრამ, თუ ჯოშუა საკუთარ შეცდომებს გაითვალისწინებს, ოლეკსანდრიც იმავეს იზამს. თუმცა, უსიკი ჯოშუათვის ზედმეტად კარგი მოკრივეა და ეს პირველ ჩხუბშიც ნათლად აჩვენა. ძალიან ძნელია ისეთი რამის შემჩნევა, რაც გვათქმევინებს, რომ რემატჩში ჯოშუა მოიგებს. ალბათ გამარჯვებული ისევ უკრაინელი იქნება და ისევ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს."
ოლეკსანდრ უსიკი და ენტონი ჯოშუა ერთმანეთს 20 აგვისტოს ღამით (უკვე 21 აგვისტოს), საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვდებიან. ჩხუბში WBA, IBF, WBO, და IBO-ს ქამრები გათამაშდება, რომლებსაც ახლა უკრაინელი მოკრივე ფლობს. ბრძოლა დაახლოებით 01:30 (ღამით) საათზე დაიწყება.
კომენტარები